ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ქართული დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოს უყრის - ამის შესახებ ევროპარლამენტში გაფართოების საკითხში ევროკომისარმა მარტა კოსმა ისაუბრა.
"საქართველოში არსებული ვითარება მკაფიო შეხსენებაა იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა მარტივი არაა, შესაძლოა, შეფერხება მოხდეს და ხდება კიდეც. ვწუხვარ, რომ ხელისუფლება განაგრძობს ევროინტეგრაციის გზისგან დაშორებას. ქართველი ხალხის არჩევანი ევროინტეგრაციის შესახებ მათ კონსტიტუციაშია ჩაწერილი და ისინი ყოველ ღამით გამოდიან ქუჩაში, რადგან მათ ამ არჩევანის შენარჩუნება სურთ.
ევროკომისიამ ინიციატივა წარადგინა საქართველოსთან ევროკავშირის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმების ნაწილობრივ შეჩერებასთან დაკავშირებით, რათა შემოვიღოთ სავიზო მოთხოვნები დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ამ ინიციატივას კენჭს იანვრის ბოლოს უყრიან", - განაცხადა მარტა კოსმა.
ევროკომისარმა ევროპარლამენტში ფინანსური დახმარების საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 100 მილიონ ევროს ოდენობის დაფინანსება, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას პირდაპირ უნდა ესარგებლა, სამოქალაქო საზოგადოებაზე ნაწილდება.
"ხელისუფლების ქმედებები მშვიდობიანი მომიტინგეების, ოპოზიციის წარმომადგენლების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ მიუღებელია. კომისიამ უკვე შეაჩერა 100 მილიონ ევროზე მეტის დაფინანსება, რომლითაც პირდაპირ ისარგებლებდა საქართველოს ხელისუფლება. განვიხილავთ ამ თანხების შემდგომ განაწილებას.
ვაგრძელებთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის გვერდით დგომას. 8.5 მილიონი ევრო უკვე გადანაწილდა მათთვის და მზად ვართ, გადავანაწილოთ დამატებით 7 მილიონი ევრო საკომუნიკაციო აქტივობებისთვის. გვჭირდება, რომ გავაუმჯობესოთ „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქციაც", - განაცხადა ევროკომისარმა.




























