ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტს 24 თებერვალს - უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე დააწესებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
"ჩვენი მიზანია, ეს [სანქციების პაკეტი] 24 თებერვალს გამოვაქვეყნოთ", - აღნიშნა კალასმა პრესკონფერენციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კალასის თქმით, სანქციების პაკეტზე შეთანხმება ჯერჯერობით საბოლოოდ მიღწეული არ არის.
"ქვეყნებს სხვადასხვა წინადადება აქვთ... მუშაობა მიმდინარეობს", - განაცხადა მან და დეტალების დაზუსტების გარეშე დასძინა, რომ წინადადებები "საზღვაო სერვისების სრულ აკრძალვას", ასევე რუსულ ენერგორესურსებსა და სასუქებზე დამატებით სანქციებს მოიცავს.
29 იანვარს ჟურნალისტებთან საუბრისას, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან-ნოელ ბარომ რუსეთისთვის საზღვაო სერვისების სრულად აკრძალვა მოითხოვა, რათა ნავთობმზიდების ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" გადაადგილება შეჩერდეს.
Bloomberg-ის წყაროების ცნობით, ევროკავშირი ასევე გეგმავს, სანქციები დაუწესოს კრიპტოვალუტის სერვისებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს მესამე ქვეყნებში, რომლებიც რუსეთს არსებული შეზღუდვების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
წყაროები არ გამორიცხავენ, რომ ევროკავშირმა, შესაძლოა, ისტორიაში პირველად, ოფიციალურად აამოქმედოს სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო მექანიზმი. ეს ნაბიჯი ყირგიზეთში ჩარხებისა და გარკვეული ტიპის რადიო აღჭურვილობის ექსპორტის აკრძალვას გულისხმობს. მიიჩნევა, რომ სწორედ ამ მარშრუტით ხვდება აღნიშნული საქონელი რუსეთში.
პაკეტი, შესაძლოა, ასევე მოიცავდეს დამატებით სავაჭრო შეზღუდვებს იმ კომპანიებსა და საქონელზე, რომლებიც რუსული იარაღის წარმოებისთვის არის მნიშვნელოვანი, ასევე - რუსეთიდან გარკვეული ლითონების იმპორტის აკრძალვას.
სანქციების წინა პაკეტით, რომელიც 23 ოქტომბერს დამტკიცდა, შეზღუდვები დაუწესდა ე.წ. "ჩრდილოვანი ფლოტის" 118 გემს, ასევე რუსულ ბანკებს, ენერგოშემოსავლებსა და იმ ქსელებს, რომლებიც ჩართულნი არიან მოსკოვის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული სრულმასშტაბიანი ომის გამო დაწესებული შეზღუდვების გვერდის ავლაში. ევროკავშირმა პირველად დაუწესა შეზღუდვები კრიპტოპლატფორმებს, ასევე ბანკებს რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, რომლებიც ხელს უწყობენ სანქციებისთვის თავის არიდებას.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მანამდე განაცხადა, რომ კიევი გამოდის ინიციატივით, მე-20 პაკეტის სამიზნე გახდნენ ის "რუსული იურიდიული და ფიზიკური პირები, რომლებიც კვლავ სარგებელს იღებენ ენერგორესურსებიდან".




























