მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU რუსეთისთვის სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის დროშა

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმდა. სანქციების ახალი პაკეტით რუსულ ნავთობზე საფასო ჭერი 60-დან 47.6 დოლარამდე მცირდება.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად მოქმედი ზღვარი - ერთ ბარელ Urals-ზე 60 დოლარი არ შეცვლილა მისი დაწესების შემდეგ, მაშინ როცა ბაზარზე ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბოლო თვეებში Urals-ის ფასი ისედაც ჩამოსული იყო 60 დოლარზე დაბლა და ამან ფაქტობრივად აზრი დაუკარგა სანქციის არსებობას. შესაბამისად, ევროკომისია მიიჩნევდა, რომ საჭიროა დინამიკური სისტემა, რომელიც ბაზრის რეალურ მოცემულობასთან იქნება სინქრონიზებული და უფრო მკაფიო ზეწოლას მოახდენს რუსეთის შემოსავლებზე.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა X-ზე დაწერა, რომ დღეს, 18 ივლისს, ევროკავშირი ამ დრომდე რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრ პაკეტზე შეთანხმდა. "რუსეთისთვის აგრესიის საფასურის ზრდას განვაგრძობთ, ასე რომ, მისი შეჩერება ერთადერთი გზა იქნება მოსკოვისთვის", - წერს კალასი.

ნავთობის გარდა, სანქციების ახალი პაკეტი ასევე ეხება რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 105 გემს და Nord Stream-ის გამოყენების აკრძალვას. სანქციების ამ პაკეტს აქამდე სლოვაკეთი ბლოკავდა, რომელიც რუსულ გაზზე უარის სანაცვლოდ, კომპენსაციას და გარანტიებს ითხოვდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები