ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი სოფლის მეურნეობის სექტორისთვის ახალ შესაძლებლობებს გახსნის - ამის შესახებ bm.ge-სთან გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აცხადებს. მისი განმარტებით, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება კანონმდებლობა EU-ს 200-მდე რეგულაციას დაუახლოოს, საიდანაც ჩვენი კანონმდებლობა 130-მდე რეგულაციასთან უკვე ჰარმონიზებულია.
თანდილაშვილის თქმით, სტატუსის მიღება სოფლის მეურნეობის სექტორს ევროკავშირიდან სხვადასხვა პროგრამის საშუალებით დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის შესაძლებლობას მისცემს.
„ძალიან დატვირთული დღის წესრიგი გვაქვს ევროკავშირთან სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მიმართულებით. დაახლოებით 200-მდე რეგულაციაა ჯამში, რომლის შესრულებაც ჩვენ მოგვიწევს, აქედან 129 რეგულაციასთან უკვე დაახლოებულია ჩვენი კანონმდებლობა.
ჩვენ დღეს ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, როდესაც ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი. გვაქვს უკვე დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიიდან და ბუნებრივია ეს გახსნის კიდევ ახალ შესაძლებლობებს, კერძოდ ფინანსებზე წვდომას, მათ შორის როგორც არის IPARD-ის რესურსები, რაც ჩვენს ფერმერებს და ზოგადად სოფლის მეურნეობის სექტორს მისცემს ევროკავშირიდან დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების საშუალებას, ძირითადად რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის პროგრამების, თუ სურსათის უვნებლობის სტანდარტების დანერგვის მიმართულებით. ამაზე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ევროკომისიასთან, რომ ყველა ეს შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ფერმერებისთვის იყოს ღია და გახსნილი”,- განუცხადა თანდილაშვილმა bm.ge-ს.
ამ ეტაპზე ევროკავშირი სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის საშუალებით უჭერს მხარს. პროგრამის ფარგლებში 2013 წლიდან 2025 წლის ჩათვლით საქართველო ევროკავშირისგან 234.5 მილიონი ევროს დახმარებას მიიღებს.
რაც შეეხება IPARD-ის პროგრამას, ის ამ ეტაპზე ფინანსურად და ტექნიკურად ეხმარება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს.