მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები იტალიაში სამთო კურორტების გამოცდილებას გაეცნენ

სამთო ტურიზმი კურორტი
BM. GE
21.08.23 13:32
39

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული ქართველი სუბიექტები ავსტრიის შემდეგ იტალიაში, კერძოდ, სამხრეთ ტიროლის რეგიონში მდგრადი ტურიზმის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გაეცნენ. 

სასწავლო გაცნობითი ტური სამხრეთ ტიროლში მდებარე მესნერის მუზეუმში ვიზიტით დაიწყო, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მუზეუმია სამთო ტურიზმის მიმართულებით. მესნერის მუზეუმის უპირატესობა ის არის, რომ ძველ ციხესიმაგრეში განსხვავებული კონცეფციის მუზეუმია მოწყობილი, სადაც ტურისტი ნახულობს იმაზე მეტს ვიდრე უბრალოდ მუზეუმში ვიზიტისას. როგორც ირკვევა, რაინჰოლფ მესნერის მუზეუმი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ არაერთ ლოკაციაზეა და მისი მოწყობა საქართველოში, კერძოდ მესტიაშიც განიხილება. 

“ვაგრძელებთ სამთო დესტინაციების ვიზიტებს, მათ გაცნობას და ადგილზე შესაბამის წარმომადგენლებთან შეხვედრებს. უკვე ვიყავით ძველ ციხესიმაგრეში, რომელიც აერთიანებს მესნერის მუზეუმს. როგორც ცნობილია, მესნერი არის ცნობილი მთამსვლელი, რომელიც წარმოშობით არის ამ რეგიონიდან. მესნერის მუზეუმები მსოფლიოს მასშტაბით არაერთ ლოკაციაზე შეგხვდებათ. გეგმაშია მესტიაშიც მესნერის მუზეუმის გაკეთებაც. ამ რეგიონში ჩამოსვლის მიზანი არის ის, რომ განვაგრძოთ მდგრადი სამთო ტურიზმის მიდგომების შესწავლა პრაქტიკულ დონეზე. გავეცნობით ნელი ტურიზმის მიმართულებას, ვნახოთ აგროტურიზმის საუკეთესო მაგალითებიც.”-ამბობს პროექტ “GRETA”-ს მენეჯერი სამთო ტურიზმის მიმართულებით ირაკლი კუცია.

სამხრეთ ტიროლში ტურისტული თვალსაზრისით როგორც აღმოჩნდა მნიშვნელოვანი როლი აქვს აგროტურიზმის მიმართულებას. პროცესებში ჩართული არიან ადგილობრივი ფერმერები, რომლებსაც თავიანთი საქმიანობის განვითარებაში ადგილობრივი ფერმერთა გაერთიანება ეხმარება. Დონორების მხარდაჭერით პროექტ “GRETA”-ს სასწავლო გაცნობითი ტურის ფარგლებში, ტურის ქართველი მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ამ გაერთიანების შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მიეღოთ.  სამხრეთ ტიროლის ფერმერთა ასოციაციამ აგროტურიზმის განვითარების მიზნით ხარისხის ნიშანი შემოიღო, რომელიც ფერმერების სხვადასხვა ბენეფიტებს სთავაზობს. “წითელი მამლის” ხარისხის ნიშნის მქონე ფერმერები აქტიურად იღებენ მხარდაჭერას ფერმერთა ასოციაციისგან და ამ ხარისხის ნიშნის ქონა მათთვის ერთგვარი პრესტიჟიცაა. 

“სასწავლო გაცნობითი ტურის ფარგლებში ქართველ მონაწილეებს გავუზიარე ჩვენს რეგიონში არსებული ხარისხის ნიშანი, რომელსაც “წითელი მამალი” ჰქვია. ძალიან საინტერესო იყო, რადგან საქართველოს და ჩვენს სამხრეთ ტიროლის რეგიონს ძალიან ბევრი რამ აქვს საერთო. ორივე ქვეყანა მთიან რეგიონში მდებარეობს. ძალიან ბევრი საინტერესო კითხვა იყო გაჟღერებული და მნიშვნელოვანი დისკუსია შედგა. ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ იმუშაოთ ერთობლივად, გააერთიანოთ ინტერესები - ამ დროს უფრო მეტი რესურსი ჩნდება. უნდა გამიჯნოთ აგროტურიზმი სხვა მიმართულებებიდან და იპოვოთ ის ნიში, რომელიც გამოგარჩევს სხვებისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც აგროტურიზმში არიან ჩართულები იყვნენ ინფორმირებული, თუ როგორ განავითარონ ეს მიმართულება.”-ამბობს სამხრეთ ტიროლის ფერმერთა ასოციაციის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელი ჟანრს კნილსეისენი.

აგროტურიზმის მიმართულების უკეთესად გასაცნობად სასწავლო გაცნობითი ტურის მონაწილეების შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე ენახათ ის ფერმერული მეურნეობები, რომლებიც წითელი მამლის ხარისხის ნიშანს ფლობენ და ადგილზე წარმოებული პროდუქციით ტურისტებს უმასპინძლდებიან. 

ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ორგანიზებული სასწავლო გაცნობითი ტურის მიზანი ევროპაში მიღებული გამოცდილების საქართველოს რეალობაში გადმოტანაა. როგორც ადგილზევე აღმოჩნდა შეხვედრის შემდეგ პროექტის მონაწილეებს უკვე გაუჩნდათ იდეები, რომლის ქართულ რეალობასთან ადაპტირება მარტივად არის შესაძლებელი. მათი თქმით, ეს ბევრ პროცესს გაამარტივებს ადგილზე და მეტი სარგებლის მიღების შესაძლებლობას გააჩენს. 

“ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის მიერ ორგანიზებული სასწავლო გაცნობითი ტური იტალიაში გაგრძელდა. აქ მიღებული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან ამ გამოცდილების გადმოტანა ჩვეულებრივად არის შესაძლებელი საქართველოში. დღეს მაგალითად ვიყავით ფერმერთა ასოციაციასთან შეხვედრაზე, მათი მაგალითი შეგვიძლია საქართველოში ჩვენც გამოვიყენოთ, ეს მცირე ფერმერული მეურნეობები არ არიან მხოლოდ საკვების წარმოებაზე. ისინი ფიქრობენ, რომ სოფელში მოიყვანონ ტურისტები. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია. აქ ხდება ის რომ ფერმიდან პროდუქცია მიდის პირდაპირ სუფრაზე. ამ პრინციპის გადმოტანა სვანეთშიც თავისუფლად არის შესაძლებელი. სვანეთში ძალიან უჭირს მოსახლეობას საკუთარი პროდუქტის გაყიდვა, არის ადგილები სადაც ადამიანები აწარმოებენ პროდუქტს, არის სასტუმროები, მაგრამ როცა ეს ერთი ქოლგის ქვეშაა პროცესი უფრო ეფექტიანია. აქ მიღებული გამოცდილება დაგვეხმარება ეს ორი მიმართულება ერთმანეთს სვანეთშიც დავუკავშიროთ.”- ამბობს ბაქარ ლიპარტელიანი, სვანეთის DMO-ს მარკეტინგის დეპარტამენტის წარმომადგენელი. 

აგროტურიზმის წარმატებული მაგალითების გაცნობის შემდეგ ტურის მონაწილეებმა კურორტ მადონა დი კამპილიოში გადაინაცვლეს. სოფელში, რომელიც იტალიის ერთ-ერთი ძვირად ღირებული სამთო კურორტია. ადგილზე განვითარებული ინფრასტრუქტურა, არქიტექტურა იქ ჩასვლისთანავე სხვა რეალობაში გადაგიყვანს. კურორტს მხოლოდ ზამთარში 60 ქვეყნიდან სტუმრობენ. 

პროექტ “GRETA”-ს სასწავლო ტურის ფარგლებში კურორტის ადგილობრივი მართვის ორგანიზაციასთან შეხვედრა ჩაინიშნა, სადაც საქართველოს სამთო კურორტებიდან გამომდინარე ქართველი მონაწილეების მხრიდან არაერთი შეკითხვა დაისვა. გაჟღერდა რეკომენდაციებიც, რომლებიც მადონა დი კამპილიოს განვითარებაში ჩართული წარმომადგენლების მხრიდან მათსავე გამოცდილებას ეყრდნობოდა.

"მთები პროდუქტი არ არის, რომელიც ბაზარზე იყიდება. აქ მთავარი არის ის განწყობა, ემოცია რაც მთებშია. ამ პროცესში ვცხოვრობთ ჩვენც და თქვენც ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავაზიაროთ გამოცდილება, იდეები, რომ ეს ტერიტორიები უფრო მეტად განვავითაროთ. ჩვენს სამთო კურორტს ყოველ ზამთარს 60  ქვეყნიდან სტუმრობენ მოთხილამურეები. 

ტურისტები ჩამოდიან იაპონიიდან, ბრაზილიიდან, ჩილედან, ისრაელიდან. ზამთარში 40-45% აქ ჩამოსული ვიზიტორების საერთაშორისო მოგზაურია. ჩვენი სტუმრები მხოლოდ სასრიალოდ არ ჩამოდიან ჩვენ ადგილზე წლების განმავლობაში შევქმენით სხვადასხვა ინფრასტრუქტურა, რაც მათთვის საინტერესოა. 

“ჩემი მთავარი რჩევა იქნება, რომ იპოვოთ ის რაც თქვენ სხვებისგან გამოგარჩევთ, ის რაც ბუნებრივია და ის რაც გაგრძნობინებთ გარემოს. მთები ყველგან არის, ყველგან შეგიძლია ისრიალო, მაგრამ ის განსხვავებული გარემო, რასაც შენ ტურისტს ახვედრებ უნდა იყოს გამორჩეული.”- ამბობს მადონა დი კამპილიოს DMO-ს ხელმძღვანელი სიმონ რივა. 

მადონა დი კამპილიომდე რომ საქართველოს ბევრი წელი და განვითარების დიდი გზა ელის, ეს ცხადია. თუმცა სასწავლო ტურის მონაწილეები ამბობენ, რომ საქართველოს სამთო კურორტებზე ნელი ტემპებით, ისე რომ ბუნების დაზიანება არ მოხდეს წარმატებული გამოცდილების გადმოტანა სრულებით შესაძლებელია. მაგალითად სულ მცირე ის მაინც რომ ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გამართულად მთელი სეზონის განმავლობაში მუშაობდეს და დამსვენებელს დისკომფორტი არ ექმნებოდეს.

“ის რაც მადონა დი კამპილიოს კურორტზე ვნახეთ და რასაც ეს კურორტი სთავაზობს ვიზიტორს ჩვენთან ჯერ არ არის. ამაზე ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო. რა თქმა უნდა, შესაძლებელი არის ჩვენი სამთო კურორტებიც მაღალმხარჯველუნარიან ვიზიტორებზე. ეს არის ნელი პროცესი, ძალიან დაკვირვება სჭირდება ამ პროცესს, რომ სხვა რამე არ დავაზიანოთ. კიდევ ერთი ძალიან დასამახსოვრებელი დეტალი ამ კურორტზე არის ის რომ ნოემბრის შუა რიცხვებიდან შეუძლიათ რომ ვიზიტორი მიიღონ და მაღალი ხარისხის სასრიალო ტრასები დაახვედრონ. 12 საბაგირო არის ამ პატარა სოფელში და ხელოვნური გათოვლიანების სისტემა არის გამართული. 

მზად არიან იმისთვის, რომ მთელი სეზონის განმავლობაში წყალი მიაწოდონ აპარატებს და თოვლი აფრქვიონ. შესაბამისად, სტუმარი არის ყოველთვის კმაყოფილი. მეც ვისურვებდი, რომ საქართველოში კურორტებზე სადაც ძირითადად თოვლი გვიგვიანდება და პრობლემები გვექმნება გამართული იყოს ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომ ჩამოსულ სტუმარს ან ადგილობრივ დამსვენებელს შეეძლოს სათხილამურო ტრასებით შეუფერხებლად ზამთრის დასაწყისიდანვე სარგებლობა.”- ამბობს სამთო გამყოლი ნიკო ფალიანი.  

ცნობისთვის, პროექტ "GRETA"-ს ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით ხორციელდება სასწავლო გაცნობითი ტური ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში ჩატარდა. საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლები 2 კვირის განმავლობაში ევროპაში მდგრადი ტურიზმის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას გაეცნენ. 

***

პროექტი GRETA | „მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა“ ევროკავშირის, ავსტრიისა და შვედეთის მხარდაჭერით, საქართველოში ავსტრიის განვითარების სააგენტო ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს ბიზნესგარემოს გაუმჯობესების ხელშეწყობას და დამატებითი შემოსავლის შექმნის შესაძლებლობის გაზრდას საქართველოს ეკონომიკის ორ ისეთ მნიშვნელოვან სექტორში, როგორიცაა სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა. დამატებითი ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ: www.gretaproject.ge

ეს მასალა წარმოადგენს მედია საშუალება BMG-ს ინტელექტუალურ საკუთრებას. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია BMG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები