ევროკავშირი რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვაზე შეთანხმდა.
"ევროკავშირმა გადაწყვიტა, რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაყინული დატოვოს. აკრძალვა, რომელიც ეკონომიკური საგანგებო სიტუაციების შესახებ დებულებას ეფუძნება, ეწინააღმდეგება გარე მცდელობებს, 210 მილიარდი ევროს ოდენობის აქტივები მანამ გათავისუფლდეს, სანამ უკრაინა კომპენსაციას არ მიიღებს", - ამის შესახებ Euronews წერს.
აქტივების გრძელვადიან გაყინვაზე ელჩები ხუთშაბათს ნაშუადღევს, ევროკავშირის ხელშეკრულებების 122-ე მუხლის საფუძველზე შეთანხმდნენ. აღნიშნული მუხლი წევრი სახელმწიფოების მხოლოდ კვალიფიციურ უმრავლესობას მოითხოვს და ევროპარლამენტის გვერდის ავლით მოქმედებს. აღნიშნული აქტივები უკრაინისთვის განკუთვნილი სარეპარაციო სესხის ცენტრალური ელემენტია, რომელზეც ჯერ კიდევ ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
კანონი კრძალავს 210 მილიარდი ევროს ღირებულების აქტივების რუსეთის ცენტრალური ბანკისთვის დაბრუნებას. აქტივების ძირითადი ნაწილი, 185 მილიარდი ევრო, ფასიანი ქაღალდების სახით, ბრიუსელში ინახება. დარჩენილი 25 მილიარდი ევრო კი კერძო ბანკებშია განთავსებული.
აქამდე თანხები სანქციების სტანდარტული რეჟიმის ფარგლებში იყო გაყინული, რაც 27-ვე წევრის ერთსულოვან გადაწყვეტილებას მოითხოვს. თუმცა გასულ კვირას ევროკომისიამ წამოაყენა წინადადება 122-ე მუხლის ამოქმედების შესახებ, რათა აქტივები რუსეთისთვის ხელმიუწვდომელი განუსაზღვრელი ვადით დარჩეს.
აკრძალვის თანახმად, 210 მილიარდი ევრო მაშინ გათავისუფლდება, როდესაც რუსეთის ქმედებები ევროპული ეკონომიკისთვის "არსებითი რისკების შექმნას შეწყვეტს" და მოსკოვი უკრაინას რეპარაციებს გადაუხდის, ბლოკისთვის "ეკონომიკური და ფინანსური შედეგების გარეშე".
აქტივების გათავისუფლების პროცესის დასაწყებად საჭირო იქნება ახალი კვალიფიციური უმრავლესობა.




























