იმისთვის, რომ საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველი გახდეს პოტენციური ინვესტორებისთვის, ქვეყანას კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვა, დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესება, კვალიფიციური სამუშაო ძალა და შესაბამისად, განათლების სისტემის რეფორმა სჭირდება - ასე თვლის "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" დირექტორის მოადგილე ირინა გურული. მისი თქმით, ბუნებრივია, ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება გაზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას და მეტ ნდობას გაუჩენს ქვეყნის მიმართ ევროპულ კომპანიებს.
„საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებამდე კომპანიები და ინვესტორები რა თქმა უნდა აფასებენ ქვეყნის განვითარების ტენდენციებს, კარგი მმართველობის პრინციპებს, დემოკრატიის ხარისხს, შესაბამისად ამ პერიოდის განმავლობაში, როცა დემოკრატიის ხარისხი საქართველოში შემცირდა, ამას გარდა ემატება უსაფრთხოების და მთელი რიგი რისკები, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა შედარებით შემცირებულია და ეს აისახება კიდეც სტატისტიკაში.
ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სარგებელი იქნება ქვეყნის მიმართ ნდობის გაზრდა და გამყარება, განსაკუთრებით ევროპელი ინვესტორების თვალში, საქართველოს მიმართ ცნობადობის გაზრდა და სხვადასხვა საინვესტიციო პროგრამებით და შესაძლებლობებით დაინტერესება. ეს ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მსგავსი მაგალითები დავინახეთ სხვა კანდიდატის ქვეყნებთან მიმართებით, როცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებამ გამოიწვია საინვესტიციო აქტივობის გაზრდა ამ ქვეყნებში.
ორ მიმართულებაზე გავამახვილებდი ყურადღებას საინვესტიციო გარემოს მხრივ. ეს არის ინვესტიციის დაცულობა, სასამართლოს დამოუკიდებლობა და ასევე სამუშაო ძალის კვალიფიკაცია, რაც ქვეყანას სჭირდება“,-აცხადებს ირინა გურული.