მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რეფერენდუმი ჩატარდა, რომელთა შედეგები თითქმის სრულად დათვლილია.
რეფერენდუმში დადებით და უარყოფით ხმებს შორის მცირე სხვაობაა. ქვეყნის საარჩევნო კომისიის თანახმად, ხმების 98%-ის დათვლის შედეგად, რეფერენდუმი იმის შესახებ, უნდა ჩაიწეროს თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში, რომ მოლდოვა ევროკავშირის წევრი უნდა გახდეს, დადებითი პასუხების რაოდენობა 50.03%-ია, ხოლო უარყოფითი - 49.97%.
აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის წინა გამოკითხვაში ევროკავშირში გაწევრიანებას დაახლოებით 55%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.
რეფერენდუმში აქტივობა 50%-ს მიუახლოვდა, რაც ბევრად აღემატება 33%-იან მაჩვენებელს, რომელიც საჭიროა შედეგის ვალიდურობისთვის.
პრორუსული პარტიები მოუწოდებდნენ ხალხს, ხმა ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მიეცათ ან საერთოდ ბოიკოტი გამოეცხადებინათ კენჭისყრისთვის.
შედეგების კომენტირებისას მოლდოვის პროევროპულმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ დაადანაშაულა "კრიმინალური ჯგუფები" ხმის მიცემის გაყალბებაში.
„მოლდოვა განიცადა უპრეცედენტო თავდასხმა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე, როგორც დღეს, ასევე ბოლო თვეებში“, - განუცხადა სანდუმ მხარდამჭერებს დედაქალაქ კიშინიოვში.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს, მეორე ტურია მოსალოდნელი, ვინაიდან ხმების 96%-ის დათვლის შემდეგ, სანდუ ხმების დაახლოებით 40.86%-ით უმრავლესობის მიღებას ვერ ახერხებს. მისი კონკურენტი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლო, რომელსაც მხარს უჭერს პრორუსული სოციალისტების პარტია, მეორე ადგილზე გავიდა, რომელმაც, როგორც ჩანს, ხმების 26.95% მიიღო. საპრეზიდენტო არჩევნებში აქტივობამ 51%-ზე მეტი შეადგინა.
შეგახსენებთ, უკრაინის და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები ოფიციალურად მიმდინარე წლის ივნისში გაიხსნა.