„ევრობარომეტრის“ გამოკითხვის თანახმად, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან არცერთში რესპონდენტებმა საქართველო, კოსოვო და თურქეთი არ შეარჩია ევროკავშირის ყველაზე სასურველ პოტენციურ ახალ წევრებად.
საქართველოს გაწევრიანების მიმართ ყველაზე მაღალი კეთილგანწყობის მაჩვენებლებით შვედეთი (71%), დანია (61%) და ლატვია (62%) გამოირჩევა.
ყველაზე დაბალი მაჩვენებლები ჩეხეთში, ავსტრიაში (ორივე 29%) და საფრანგეთში (36%) ფიქსირდება.
რაც შეეხება საერთო მაჩვენებელს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის ნახევარზე ნაკლები - 46% უჭერს მხარს, წევრობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობით, ხოლო 43% წინააღმდეგია. ეროვნულ დონეზე ანალიზი აჩვენებს, რომ 17 წევრ სახელმწიფოში გამოკითხულთა სულ მცირე 50% უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.
საქართველოს EU-ში გაწევრიანებას წევრი სახელმწიფოების მოსახლეობის 46% უჭერს მხარს - „ევრობარომეტრი"
"ევრობარომეტრი" საზოგადოებრივი აზრის კვლევების სერიაა, რომელიც ევროკომისიის და ევროკავშირის სხვა ინსტიტუტების დაკვეთით ტარდება. უახლესი კვლევა ჩატარდა ევროკომისიის, გაფართოებისა და აღმოსავლეთ სამეზობლო პოლიტიკის გენერალური დირექტორატის (DG ENEST) დაკვეთით. საველე სამუშაოები 2025 წლის თებერვლიდან მარტამდე პერიოდში იყო. შესაბამის ეროვნულ ენაზე გამოიკითხა სხვადასხვა სოციალური და დემოგრაფიული ჯგუფების დაახლოებით 26 319 რესპონდენტი.




























