ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო არაევროპულ ავიაკომპანიებს აფრთხილებს რუსეთის დასავლეთში ფრენებთან დაკავშირებით. კერძოდ, სააგენტოში აცხადებენ, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავიაკომპანიებმა არ უნდა იფრინონ ქვეყნის ამ ნაწილში, რადგან არსებობს რისკი, რომ ისინი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სამიზნე გახდნენ.
ორგანიზაციის განცხადებით, გასულ თვეში აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა, რასაც 38 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ამის ნათელი მაგალითია. თვითმფინავის ჩამოვარდნამდე რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა უკრაინული დრონებს ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააზიანა, შედეგად Embraer-ის სამგზავრო ხომალდი ყაზახეთის ქალაქ აქთაუში ჩამოვარდა. ავიაკატასტროფიდან მალევე აზერბაიჯანის ავიახაზებმა ფრენები გააჩერა ვლადიკავკაზის, ვოლგოგრადის, გროზნოს, მახაჩყალის და სხვა ქალაქების მიმართულებით.
"მიმდინარე კონფლიქტი, რაც რუსეთის უკრაინაში ინტერვენციას მოჰყვა რისკებს აჩენს სამოქალაქო თვითმფინავებისთვისაც, ისინი შესაძლოა შემთხვევით რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში სამიზნე გახდნენ, - აცხადებენ სააგენტოში.
ზოგიერთმა უცხოურმა ავიაკომპანიამ, რომლებიც ევროპული ავიაკომპანიებისგან განსხვავებით რუსეთში ჯერ კიდევ დაფრინავენ, განაცხადეს, რომ დროებით აჩერებენ რუსეთის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით რეისებს. განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთში. ეს ავიაკომპანიებია: ისრაელური El Al; FlyDubai; თურქმენეთის და ყაზახეთის ავიახაზები და Air Serbia.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ავიაციის ინდუსტრია დასანქცირდა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსულ ავიაკომპანიებს ქვეყანაში ფრენა აუკრძალა, ასევე ჩაკეტეს საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის.