მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს სანქციების ახალი პაკეტი რუსეთთან $12 მილიარდის სავაჭრო ბრუნვას შეზღუდავს

63fc70de06c94
გიორგი თოლორდავა
27.02.23 13:10
899
რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სანქციების მე-10 პაკეტზე მიაღწიეს შეთანხმებას. კანონმდებლების შეფასებით, ეს ომის პერიოდში მიღებული ყველაზე ძლიერი სასანქციო პაკეტია, რომელიც წლიურად თითქმის 12 მილიარდი დოლარის მოცულობის ვაჭრობის შეზღუდვას ითვალისწინებს ევროკავშირსა და რუსეთს შორის.

საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ 35 მილიარდი დოლარის სასაქონლო ბრუნვაა შეზღუდული, რაც იმას გულისხმობს, რომ ომის დაწყების შემდეგ, რუსეთსა და EU-ს შორის სწორედ ამ მოცულობის იმპორტ-ექსპორტი შეიზღუდა.

ევროკომისიის განმარტებით, სანქციები უკვე ვრცელდება საერთო სავაჭრო ბრუნვის 49%-ზე და მომავალში ეს წილი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, რაც რუსეთის ეკონომიკურ იზოლაციას შეუწყობს ხელს.

ცნობისთვის, 2021 წელს EU-რუსეთის სავაჭრო ბრუნვა 272 მილიარდ დოლარს შეადგენდა, აქედან $167 მილიარდი რუსული ექსპორტი იყო.

სანქციების ახალი პაკეტი სხვადასხვა სექტორში ვაჭრობის შეზღუდვას, ტექნოლოგიების ექსპორტის კონტროლს, მათ შორის დრონების, ვერტმფრენებისა და რაკეტების ექსპორტის შეზღუდვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს განხილვა რუსეთთან ბრილიანტებით ვაჭრობის შეწყვეტაზეც, რაც მოსკოვისთვის ერთ-ერთ კრიტიკული მნიშვნელობის ინდუსტრიას წარმოადგენს.

სანქციების მე-10 პაკეტით ბანკებისთვის ახალი ვალდებულებაც განისაზღვრა, კერძოდ, ისინი ვალდებულნი იქნებიან, EU-ს მარეგულირებელს დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ რუსეთის ცენტრალური ბანკისა და სანქცირებული საფინანსო ორგანიზაციების აქტივების შესახებ. ანალიტიკოსების შეფასებით, ამით ევროკავშირი პირველ ნაბიჯებს დგამს რუსეთის დასავლეთში არსებული აქტივების აღრიცხვის მიმართულებით, რომლის უკრაინისთვის გადაცემაზეც უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს მსჯელობა.

გარდა ამისა, EU-ს სანქციები მესამე ქვეყანაზე, ირანზეც გავრცელდება. კერძოდ, დასანქცირდება შვიდი ირანული კომპანია, რომლებიც რუსეთთან ომის დროს თანამშრომლობენ, რაც რუსეთისთვის დრონების გადაცემაში გამოიხატება, რომლებსაც თავის მხრივ, რუსეთი სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმისთვის იყენებს.

მე-10 პაკეტი ასევე ითვალისწინებს რუსული ბანკების SWIFT-ის სისტემიდან ჩახსნასაც, მათ შორის Alfa ბანკი და Tinkoff ბანკი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები