მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ს, შვედეთის და ავსტრიის თანადაფინანსებით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში ტურისტული პროდუქტები ვითარდება

61fd239e0e62a
მარიამ ადამია
04.02.22 21:00
4145
ეკოტურიზმი დაცული ტერიტორიებისა და ბუნებრივი ლანდშაფტების გარეშე წარმოუდგენელია. სალაშქრო ბილიკები, როგორც დაცულ ტერიტორიებზე, ისე მის გარეთ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეკოტურისტული პროდუქტია. როგორც ყველა პროდუქტს, სალაშქრო ბილიკებსაც სჭირდება ბრენდად ჩამოყალიბების ინსტრუმენტები და დამკვიდრებული სტანდარტების დაცვა უსაფრთხოებისათვის. ხოლო კარგი და მოწესრიგებული საფეხმავლო ბილიკები ქვეყნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის კარგ ეკონომიკურ სარგებელს და მეტ საერთაშორისო ტურისტს ნიშნავს.

ამის უდიდესი პოტენციალი აქვს საქართველოს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ტურისტული მიმართულებაა და განსაკუთრებით ბოლო წლებში ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ცნობადობაც და მოთხოვნაც საერთაშორისო ტურისტების მხრიდან. პანდემიამ კი, უფრო მეტად ეკო და სათავგადასავლო ტურიზმზე დაფუძნებული მიმართულებები გაააქტიურა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მთა-გორიანი ქვეყანაა, დაინტერესებულ პირებს, იქნება ეს შიდა თუ საერთაშორისო ტურისტი, საშუალება აქვს ნებისმიერი სახეობისა თუ აქტივობის ტური დაგეგმოს, მთაშიც, ბარშიც და ზღვისპირა რეგიონებშიც.
ამისთვის კი კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს გამართული ინფრასტრუქტურა და მოწესრიგებული/მარკირებული ბილიკები. ასევე საჭიროა ქვეყანაში განვითარდეს მწვანე, ავთენტური და ინოვაციური ტურისტული პროდუქტები. სწორედ ეს საჭიროება არის გათვალისწინებული ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ერთობლივ ხედვაში, პროექტ GRETA-ს ფარგლებში - მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა.

პროექტზე მუშაობა დაწყებულია და ამ დროისთვის სექტორისთვის ორი მნიშვნელოვანი ტრენინგ-სერია ჩატარდა. ესენია: საფეხმავლო ბილიკების მარკირება და მოვლა-პატრონობა და ასევე საფეხმავლო გიდების გადამზადება-სერტიფიცირება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.


საუბარი საფეხმავლო ბილიკების მარკირებით დავიწყოთ. 2021 წელს დეკემბერში ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის ხელშეწყობით, ადგილობრივი მსურველები, უმეტესად კი, ახალგაზრდები ჩაერთნენ პროექტში, რომლის საშუალებითაც გაიარეს ტრენინგი და შეისწავლეს ბილიკების მოვლა-პატრონობის, რეაბილიტაციის და შენახვის ძირითადი პრინციპები, ასევე დეტალურად გაეცნენ საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის რეგლამენტს და მნიშვნელობას. მიღებული თეორიული ცოდნა კი, მოგვიანებით პრაქტიკაში დაინერგა და ეროვნული რეგლამენტის შესაბამისად, მოინიშნა სოფელი მაზერისა და ჩანჩქერ შდუგრას დამაკავშირებელი ბილიკი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მოვლა-პატრონობის პროცესში, საკუთარი ენთუზიაზმით ადგილობრივი მოსახლეობა ჩაერთო, რომელიც კარგად იცნობს მშობლიურ გარემოს.

ასევე ბილიკების მონიშვნის ტრენინგი, საქართველოს სათავგადასავლო ტურიზმის ასოციაციამ განახორციელა, რომლის დამფუძნებელი, ჯონი კაპანაძე ამბობს, რომ აუცილებელია ქვეყანაში ერთი ღერძის შექმნა, რომელიც ერთგვარი ქსელი იქნება და საშუალებას მოგვცემს, უწყვეტად ვიმოგზაუროთ ერთი რეგიონიდან მეორეში. ასე რომ ტურისტი შეძლებს ეროვნული მნიშვნელობის ქსელის დახმარებით, მთელი საქართველო დაფაროს. მაგალითად, დაიწყოს მოგზაურობა სვანეთში და დაასრულოს მიჯნის ყურეში.



ინფრასტრუქტურისა და ბილიკების ქსელის მოწყობაში უდიდეს როლს დონორების ასრულებენ, რადგან რეალურად, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმდენი რესურსი, რომ ყველაფერი ეს თავისი ძალებით და საბიუჯეტო თანხებით შეძლოს. არადა, ფაქტია ისიც, რომ როცა ქვეყანას საფეხმავლო ბილიკების ქსელი მოწყობილი და მოწესრიგებული აქვს, ის უფრო მაღალი სანდოობით სარგებლობს უცხოელ ვიზიტორებს შორის და მეტად მიმზიდველი ხდება საერთაშორისო ტურისტულ რუკაზეც. უახლოეს მომავალში კი, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, იგეგმება ოთხი ახალი ბილიკის მონიშვნა ზემო და ქვემო სვანეთში, მათ შორის იქნება ზემო სვანეთისა და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი ბილიკი.

მაგრამ იმისათვის, რომ ტურისტული პროდუქტები შეიქმნას, საჭიროა სხვადასხვა პრე-სერვისების შექმნა, მათ შორის უმთავრესია საგანმანათლებლო მიმართულების გააქტიურება. ამიტომ ევროკავშირის შვედეთის და ავსტრიის მხარდაჭერით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში, ჩატარდა საფეხმავლო გიდების ტრენინგის ვრცელი კურსი, რომლის შედეგად გადამზადდა 20 მონაწილე. ტრენინგის პროგრამა დაიწერა უცხოელ ექსპერტებთან ერთად ევროპული, კერძოდ შვეიცარიული და გერმანული სტანდარტების მიხედვით. ტრენინგის მონაწილეები, მთელი წლის განმავლობაში, სწავლობდნენ თეორიულ მასალას და შემდგომ გადიოდნენ პრაქტიკულ წვრთნას საველე პირობებში. შესაბამისად, მათ საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა კლიმატურ პირობებში და რელიეფზე ემუშავათ და შეეძინათ ის ტექნიკური უნარები, რომლებიც მთაში მოგზაურობისას, სამთო გამყოლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხანგრძლივი და ყოვლისმომცველი ტრენინგ-კურსის წარმატებით დასრულების შედეგად, კურსდამთავრებულებს გზა ეხსნებათ ამაღლებული კვალიფიკაციით განაგრძონ მუშაობა და განავითარონ თავიანთი კუთხე და რაც მთავარია მიიღონ უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი. ეს არის სამუშაოს ერთიანი პოლიტიკური ხედვის სამუშაო ეტაპი, რომელიც სამომავლოდ ქვეყნის მეტ პოპულარიზაციას და განვითარებას ისახავს მიზნად.

პროექტ GRETA-ს პარტნიორი, ამ მიმართულებით სათავგადასავლო ტურიზმის სკოლა, რომლის პრეზიდენტი, დავით რაქვიაშვილი ამბობს, რომ ადამიანებმა პროექტის ფარგლებში ისწავლეს რისკების მართვა, ლოჯისტიკა და ტურის დაგეგმვა. მიიღეს გამოცდილება, რომელიც მათ ეხმარებათ საკუთარი ბიზნესის დაწყებაში. ასვე საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის პერსპექტივითაც ძალიან დიდი და სერიოზული აღიარება მიიღო საქართველომ, რომელიც გახდა წევრი საერთაშორისო ფედერაციის, სამთო-გამყოლთა ასოციაციის სახით. 30 სამთო-გამყოლი ახლა უკვე არის საერთაშორისო სტატუსის და ეს კიდევ დამატებით მოტივაციას მისცემს საერთაშორისო მოგზაურებს, რომ საქართველოში ჩამოვიდნენ. ჩვენი ბუნება და ტურისტული შეთავაზებები არის უნიკალური და ამასთან ერთად ახლა ჩვენ გვაქვს საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტის მომსახურებაც.



ინფორმაციისთვის, პროექტი GRETA დაიწყო 2018 წელს, სამი დონორის, ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის დაფინანსებით. პროექტის მიზანი მდგრადი სამთო ტურიზმისა და ორგანული სოფლის მეურნეობის ხელშეწყობაა. ხოლო კონკრეტული რეგიონები, რომლებზეც აქცენტები კეთდება, ზემო და ქვემო სვანეთი, რაჭა ლეჩხუმი და ზემო იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტია. მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ: www.gretaproject.ge.

ამ ყველაფრის განხორციელება დონორების ჩართულობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა, რადგან საკმაოდ დიდი ფინანსური კონტრიბუცია გაიღო სამივე დონორმა, როგორც ევროკავშირმა, ასევე შვედეთმა და ავსტრიამ. ხოლო თავად პროექტი, ინოვაციურია საქართველოსთვის, რადგან ქვეყანაში ორგანული სოფლის მეურნეობის მიმართულება პირველად მუშაობს და რაც მთავარია მაღალმთიანი - 8 მუნიციპალიტეტის განვითარებაზეა მიმართული, რაც საბოლოოდ ქვეყნის წარმატებისა და ეკონომიკური ზრდის წინაპირობა გახდება.

ეს მასალა მომზადებულია BMG-ს მიერ და წარმოადგენს მის ინტელექტუალურ საკუთრებას. შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია BMG და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის, შვედეთის და ავსტრიის შეხედულებებს.

#EU #EU4Georgia #EmbassyOfSweden #AustrianDevelopmentAgency #TrailMarking #TrailMaintenance #Guides #TourisminGeorgia #GRETAproject

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები