საქართველოს ექსპორტი ევროკავშირში შემცირებულია - 2023 წლის 9 თვეში საქართველოდან EU-ში საქონლის ექსპორტმა მხოლოდ 565 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45 მილიონი დოლარით, ანუ 7.5%-ით ნაკლებია.
მეტიც, საქართველოს 10 მთავარ საექსპორტო ქვეყანას შორის ევროკავშირის მხოლოდ ერთი წევრი სახელმწიფო ბულგარეთია ($212 მილიონი) და მასთანაც ექსპორტის 28%-იანი კლება ფიქსირდება.
2023 წლის 9 თვეში ევროკავშირის წილმა მთლიან ექსპორტში მხოლოდ 12.3% შეადგინა, შედარებისთვის გასულ წელს ეს 15%; 2021 წელს კი 17% იყო. 2013-2020 წლებში კი ევროკავშირზე საქართველოს ექსპორტის 20%-ზე მეტი მოდიოდა. შესაბამისად, წელს EU-ს წილი მთლიან ექსპორტში ათწლიან მინიმუმამდე დაეცა.
საქართველო EU-ში ძირითადად ნახევარფაბრიკატებსა და ნედლეულს აგზავნის, რომლისგანაც შემდგომ თავად EU-ს ქვეყნები უფრო მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქტებს ქმნიან. როგორც ექსპორტის სტატისტიკა აჩვენებს ორ მთავარ ნედლეულში, რომლითაც საქართველო ევროკავშირთან ვაჭრობს შემცირება ფიქსირდება. ესენია სპილენძის მადნები და თხილი.
სანაცვლოდ კი მკვეთრად, 1.1 მილიარდი დოლარით გაიზარდა ექსპორტი დსთ-ს ქვეყნებში და მან რეკორდული 2.96 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს კი იმის მიუხედავად, რომ დსთ-ს ქვეყნების ჯამური მოსახლეობა 240 მილიონია (EU-ს მოსახლეობაზე 46%-ით ნაკლები), ხოლო დსთ-ს ქვეყნების ჯამური მშპ 4 ტრილიონამდეა, EU-ზე 4-ჯერ ნაკლები.
ამის მიუხედავად, დსთ-ს ბაზრის მიმზიდველობა საქართველოსთვის მკვეთრად გაზრდილია, რაც პირველ რიგში რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომს, დაწესებულ სანქციებს და ახლად შექმნილ შემოვლით საექსპორტო მარშრუტებს უკავშირდება, რომელთა შედეგადაც საქართველოდან რუსეთში დიდი მოცულობით საქონელი გადის რეექსპორტზე. შედეგად, დსთ-ს წილმა მთლიან ექსპორტში 64.4%-ს მიაღწია. ექსპორტში დსთ-ზე ასეთი დიდი წილი მაშინაც კი არ მოდიოდა, როდესაც ქვეყანა დსთ-ს წევრი იყო.