მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-საქართველოს [დღევანდელი ურთიერთობა] ჩინეთისთვის სასიხარულო არაა|დიპლომატის ანალიზი

დავით აფციაური

ჩინეთში საქართველოს ყოფილი ელჩის დავით აფციაურის შეფასებით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის დღეს არსებული [დაძაბული] ურთიერთობა ჩინეთისთვის სასიხარულო არაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ წამყვანის იმ კითხვების პასუხად განაცხადა, რომელიც ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ ევროკავშირთან და აშშ-თან ურთიერთობის დაზიანების ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გავლენას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ თავად დავით აფციაურის და ასევე, სხვა დიპლომატების და ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთის მხრიდან საქართველოში ინვესტირების დაინტერესების და წარმოების გადმოტანის ერთ-ერთი ფაქტორი, შესაძლოა, სწორედ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი იყოს. ამდენად, ევროკავშირთან ურთიერთობის დაძაბვამ და DCFT-ის გადახედვის რისკებმა, შესაძლებელია, ჩინეთის ინტერესიც შეამციროს.

- ჩინეთისთვის, რასაკვირველია, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია [საქართველოს გავლით] გასვლა ევროკავშირის ბაზარზე და თავისი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გასაღება და ასევე, გზად სხვა პროდუქციის მიწოდება. ვფიქრობ, ეს [EU-საქართველოს დაზიანებული ურთიერთობები] არ არის ძალიან სასიხარულო ინფორმაცია ჩინეთისთვის. მგონი, თვითონ ჩინეთი უნდა იყოს დაინტერესებული, რომ საქართველოს არ ჰქონდეს გარკვეული პრობლემები ევროკავშირთან და თვითონ ევროკავშირსაც, ბუნებრივია, ალბათ ექნება დიალოგი, რომ რაღაცნაირად დაარწმუნოს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა და [საქართველოს] დიდი პერსპექტივა აქვს და მის გარეშე არ გამოვა თანამშრომლობა...

- თუმცა თუ „ქართულმა ოცნებამ“ არ გააუქმა ანტიდემოკრატიული კანონები და არ შეცვალა ანტიევროპული რიტორიკა, შედეგი როგორ დადგება?

- ალბათ საჭიროა, ყველა რისკის ანალიზი. კიდევ ერთხელ ვამბობ, რისკების ანალიზი არა მარტო ბიზნესრისკებს ითვალისწინებს; საჭიროა, გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური - ყველანაირი რისკის ერთიანობაში განხილვა. იმედი მაქვს, დღეს ეს კეთდება. ასეთი ანალიზის შემთხვევაში პრობლემებს ეშველება.

- „ქართულ ოცნებას“ ეტყობა, რომ წონის საკუთარი პოლიტიკის შედეგს და რისკებს და ხვდება, რა პრობლემები შეიძლება შეექმნას ქვეყანას, თუ აშშ-თან ურთიერთობები არ გადაიტვირთა და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კი, ქაღალდზე დარჩა?

- პირველ რიგში, საჭიროა, ამ პროცესში სპეციალისტების და პროფესიონალების, უფრო აქტიური ჩართვა, ვინაიდან საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები მოითხოვს რისკების მუდმივ ანალიზს და შესაძლებლობების განხილვას, რამდენად შეესაბამება შენს სტრატეგიას. ასე ვიცით, რომ [საქართველოს] გაცხადებული სტრატეგიაა ევროინტეგრაცია და თუ ასეა, მაშინ მაშინ ლოგიკურად, უნდა გაკეთდეს შესაბამისი დასკვნები და ანალიზი, რამდენად ყველაფერი ემსახურება ამას, არა?!

- თქვენ რა დასკვნას გამოგაქვთ ამ სიტუაციაში - როგორ ახსნით „ოცნების“ ქცევებს და მოქმედებებს?

- დღეს ახალი რეალიები გვაქვს, განსაკუთრებით გარეთ - საერთაშორისო ასპარეზზე... ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ვითარება ასე შეიცვლებოდა სამხრეთ კავკასიაში; ყოველ შემთხვევაში, დინამიკაა შეცვლილი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში - ამას ვერავინ ვერ წარმოიდგენდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან მნიშვნელოვანია, "ქართული ოცნება", მთავრობა და იმედი მაქვს, ამას აკეთებენ, გახდეს მორგებადი ამ ცვლილებების მიმართ. თუ ეს დაგვიანებულია ან თუ ეს არის არასრულფასოვანი, ან თუ ეს არ არის ბოლომდე გააზრებული, ბუნებრივია, ეფექტი არ იქნება და ვიქნებით ამოვარდნილი გლობალური დღის წესრიგის თანამშრომლობიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს რაღაც გარკვეული ბალანსი პროცესების შესწავლაში, ანალიზში, რაშიც სპეციალისტები და პროფესიონალები უნდა იყვნენ ჩართულნი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები