საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გაიზარდა და 2,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 2,3 მლრდ აშშ დოლარი, ხოლო 2023 წლის პირველ ნახევარში 2,1 მლრდ აშშ დოლარი იყო.
ბრუნვაში უმეტესი ნაწილი ევროკავშირიდან იმპორტზე მოდის, რომელიც ასევე გაზრდილია. წელს, იანვარ-ივნისში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებიდან 2,1 მლრდ აშშ დოლარის იმპორტი განახორციელა, მაშინ როცა გასულ წელს, ეს მაჩვენებელი 2 მლრდ აშშ დოლარი იყო. მთავარი საიმპორტო საქონელი კვლავ ავტომობილები, ნავთობპროდუქტები და მედიკამენტებია, რომელთა მოცულობებში წელს ზრდა ფიქსირდება.
TOP-10 საიმპორტო საქონელი ევროკავშირში მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით შემდეგია:
- მსუბუქი ავტომობილები - 356,8 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 231,3 მლნ აშშ დოლარი
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 160,7 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 58 მლნ აშშ დოლარი
- სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 35,6 მლნ აშშ დოლარი
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 27,7 მლნ აშშ დოლარი
- ნარევები გამოსაყენებული სასმელების წარმოებაში - 27,3 მლნ აშშ დოლარი
- ტრაქტორები და უნაგირა საწევარები - 24,2 მლნ აშშ დოლარი
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 23,5 მლნ აშშ დოლარი
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - 23 მლნ აშშ დოლარი
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასულ წელთან შედარებით ზრდა ფიქსირდება ექსპორტის მიმართულებითაც, კერძოდ, ქვეყანაში 372 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიტანეთ ევროპაში, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ევროკავშირში ექსპორტმა 259 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, ექსპორტის უფრო მაღალი მაჩვენებლები გვქონდა 2023 წლის იანვარ-ივნისში (398 მლნ აშშ დოლარი) და 2022 წლის იანვარ-ივნისში (432 მლნ აშშ დოლარი).
წელს, EU-ში ექსპორტის ზრდა მეტწილად ფეროშენადნობების, მადნების და სასუქების ექსპორტის მატებამ განაპირობა, თუმცა თუ საქსტატის მონაცემებს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ წელს, წინა წელთან შედარებით გაზრდილია თხილის ექსპორტიც.
TOP-10 საექსპორტო საქონელი ევროკავშირში მიმდინარე წლის პირველი ნახევრის მონაცემებით შემდეგია:
- ფეროშენადნობები - 53,3 მლნ აშშ დოლარი
- სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 38 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა - 36,4 მლნ აშშ დოლარი
- მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 33,2 მლნ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 30,1 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 18,2 მლნ აშშ დოლარი
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 15,9 მლნ აშშ დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 12,2 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 10,3 მლნ აშშ დოლარი
- რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 10 მლნ აშშ დოლარი




























