მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"EU-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს" - ევროკავშირი მთავრობას ანტი-ლგბტ პაკეტის გადახედვისკენ მოუწოდებს

eu

ევროკავშირი “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღებას გმობს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის.

მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს, რადგან ის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

"ევროკავშირი წუხილს გამოთქვამს, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი შედეგების მომტანი კანონმდებლობა სათანადო საჯარო კონსულტაციებისა და ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის საფუძვლიანი ანალიზის გარეშე იქნა მიღებული.

ადამიანის უფლებების უზრუნველყოფა და დაცვა ევროკავშირის გაფართოების პროცესის საფუძველშია, რასაც შეფასება გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშში ყოველწლიურად ეძლევა.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს. ასეთი პროექტი, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

ევროკავშირი შეგახსენებთ, რომ საქართველოს გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და მოუწოდებს ხელისუფლებას, ევროკავშირში ინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს",- აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს, საქართველოს პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ე.წ. "ოჯახური ღირებულებების დაცვის" ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციულ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები