"ოცნების" მიერ პრეზიდენტად არჩეულ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, "გვაქვს სურვილი გავხდეთ ევროკავშირის წევრი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ". მან ამის შესახებ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
"ოცნების" მიერ მიღებულ კანონებზე ევროკავშირის ელჩის განცხადების კომენტირებისას, რომ ამ კანონებით ქვეყანა ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, რადგან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს, ყაველაშვილმა თქვა, რომ ელჩის გზავნილი არ შეეფერება იმ გაერთიანების ძალისხმევას.
"გათვითცნობიერებული გვაქვს და მოქალაქეებიც ინფორმირებული არიან, რომ დიახ, ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, ევროპის ნაწილი, თუმცა იმ ღირებულებებით, რასაც საუკუნეებია ვიცავთ და გვინდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს გამოკვეთილად დაცული. საშინაო დავალება იქნება, კანონმდებლობის შეცვლა თუ ა.შ. ექვემდებარება პარტნიორულ ურთიერთობას, დიალოგს და სჯა-ბაასს იმასთან დაკავშირებით, თუ რას ეწინააღმდეგება ჩვენი მიღებული კანონები, რომელ საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ასე არ არის, რომ მხოლოდ სურვილის მიხედვით ვიმოქმედოთ, მით უმეტეს სამართლებრივ სივრცეში, როცა კანონზე აქვთ საუბარი, კანონი უნდა განიხილებოდეს, რაში ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს. ამისთვის ჩვენ მზად ვართ, მუდმივად მზადყოფნას გამოვთქვამთ.
ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დღეს არ დაწყებულა. მუდმივად არის ამაზე აპელირება, რომ ჩვენ ევროპა ვართ და ევროპაში გვინდა და ეს დიდი სურვილია ჩვენი წინაპრების, არაერთი თაობა იყო ამის მოსურნე და უამრავი ქარტეხილები გაიარა ჩვენმა ქვეყანამ იმისათვის, რომ ევროპის სრულუფლებიანი წევრი გამხდარიყო - ეს პროცესი არ შეჩერებულა, მაგრამ 3000 წლოვანი ქვეყანა ვართ, რომელსაც ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ამ საუკუნეების მანძილზე, საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა, იმისთვის, რომ პრევენცია განახორციელოს და მთავარ საკითხად ყოველთვის იყოს შენარჩუნებული მისი იდენტობა",- განაცხადა ყაველაშვილმა.
მისივე განცხადებით, ევროკავშირში არიან ძალები, თუმცა ჯერჯერობით მცირე, რომელთაც იგივე ღირებულებები აქვთ, რაც საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას.
„ევროკავშირში არიან ძალები ჯერჯერობით მცირე, მაგრამ იქაც იცვლება სიტუაცია, რომელთაც ზუსტად იგივე ღირებულებები აქვთ რაც ჩვენ, ამ შემთხვევაში დღევანდელ ჩვენს ხელისუფლებას და საზოგადოების უმრავლესობას. ჩვენ გვყავს პარტნიორები მაგალითად ამ საკითხში შეგვიძლია დავასახელოთ უნგრეთი, სლოვაკეთი, ახლა უკვე ჩეხეთშიც გაიმარჯვა ამ იდეოლოგიის, ამ ღირებულებების მქონე პარტიამ და ძალებმა. ევროპა არ არის დღეს შექმნილი, მრავალფეროვნება, სამართალი, ადამიანის უფლებები სწორედ იქ განხორციელდა, იმიტომ იყო ჩვენი სურვილი, რომ ამ სივრცის ნაწილი გავხდეთ, რომ ეს ყველაფერი არ უნდა დაირღვეს, ჩვენ იმედს გამოვთქვამთ რომ ეს პროცესი შეიცვლება. მზად ვართ დიალოგისთვის, პარტნიორობისთვის, მსჯელობისთვის ნებისმიერ საკითხზე მუდმივად ხაზს ვუსვამ, მაგრამ მათი ქმედება, მათი ეს დამოკიდებულება შეურაცხმყოფელიც არის. შეურაცხყოფას აყენებენ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას. პარადოქსია, რომ თითქოს ქართველ ხალხზე აქვთ აქცენტი, არჩევნების დროს რომ აკეთებდნენ, არღვევდნენ ამ კონვენციას და პირდაპირი მნიშვნელობით ერეოდნენ არჩევნებში, ქართველ ხალხზე ჰქონდათ თითქოს აქცენტი და ეს ხალხი, უმრავლესობა არის ამ ხელისუფლების მხარდამჭერი და ამ ხალხს რატომ აყენებ შეურაცხყოფას, რატომ თვლი, რომ ეს ადამიანები ვერ აზროვნებენ, გონიერები არ არიან და ვერ ხედავენ რაში არის საქმე და რაში არის ჩარევა“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.




























