"ქართული ოცნების" პარლამენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება. არჩევნები პარლამენტის შენობაში, 09:00 საათზე დაიწყება და 14:00 საათამდე გაგრძელდება. პროცესს ცესკო წარმართავს.
საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში საარჩევნო კოლეგიის წევრები ბიულეტენში არსებულ ერთადერთ კანდიდატს შემოხაზავენ, შემდეგ კი მას დალუქულ, გამჭვირვალე საარჩევნო ყუთში მოათავსებენ. კენჭის ყრა ღია იქნება, 14:00 საათზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ კი ცესკო სხდომას ჩაატარებს, სადაც შედეგები დაითვლება და გამოცხადდება.
აღსანიშნავია, რომ არჩევნები ახალი წესით, არაპირდაპირი გზით ტარდება და ქვეყნის ისტორიაში პირველად - პრეზიდენტს 5 წლის ვადით აირჩევს საარჩევნო კოლეგია.
ვინ შედიან საარჩევნო კოლეგიაში?
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება, მათ შორის არიან: საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. 109 წევრი კი საკრებულოების წარმომადგენელია, რომლებიც წინა არჩევნების შედეგების პროპორციულად არიან გადანაწილებულნი.
ცესკოს 26 ნოემბრის განკარგულებით, განისაზღვრა შესაბამისი კვოტები და საკრებულოების 109 წევრიდან 54 "ქართული ოცნების", ხოლო 55 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო, თუმცა რვა პოლიტიკურმა გაერთიანებამ 28 ნოემბრის 18:00 საათამდე წევრები არ წარადგინა, რის შემდეგაც ცესკოს 29 ნოემბრის განკარგულებით, ეს კვოტებიც "ქართულმა ოცნებამ" აითვისა. ამ დამატებითმა კვოტებმა "ქართულ ოცნებას" საკმარისი წარმომადგენლობა მოუტანა, რომ მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტად პირველივე ტურში აირჩიოს. კანონმდებლობით, არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
300 წევრიდან "ქართულ ოცნებას" 211 წარმოადგენს, ხოლო ოპოზიციას ჯამურად 69 წევრი. უფრო დეტალურად, არსებული მოცემულობით, საარჩევნო კოლეგიაში "ქართულ ოცნებას" 211 წევრი ჰყავს, 20 წევრი ჰყავს "ახალს", 20 წევრი ჰყავს "ნაციონალურ მოძრაობას", 15 წევრი - "ლელოს", 14 წევრი - "გახარია საქართველოსთვის", ხოლო 20 წევრი არის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოდან.
აღსანიშნავია, რომ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები პარლამენტის ლეგიტიმაციას არ აღიარებენ და არც საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებენ მონაწილეობას.
პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი
27 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა, რომელიც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა "ბუნებით თუ ჰაბიტუსით ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერებად" დაახასიათა.
ყაველაშვილი ყოფილი ფეხბურთელია და სხვადასხვა დროს „დინამო თბილისში“, „მანჩესტერ სიტში“, „გრასჰოფერში" და სხვა ევროპულ კლუბებში თამაშობდა. პარლამენტში მოხვედრამდე ასევე იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის საფეხბურთო ექსპერტი. მეათე მოწვევის პარლამენტში კი "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი იყო ნაძალადევის რაიონში.
ის ერთ-ერთია "ქართული ოცნების" ფრაქციიდან 2022 წელს ფორმალურად წასულ დეპუტატებს შორის, ვინც "აგენტების კანონის" თავდაპირველად ინიციატორი პარტია, "ხალხის ძალა" შექმნეს.
"ქართული ოცნება" უდიპლომო მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციას 29 დეკემბერს გეგმავს.
როგორ იმუშავებს მედია 14 დეკემბერს პარლამენტში
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების მთელი პროცესი "საქართველოს პარლამენტის" არხებით გადაიცემა ლაივ რეჟიმში. მისივე თქმით, ხვალ არაა საპარლამენტო ღონისძიება, თუმცა მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, პარლამენტში მედიისთვის სპეციალური რეჟიმი იმოქმედებს და მათი დაშვება სპეციალური აკრედიტაციით მოხდება, რომლის მისაღებადაც პარლამენტის აპარატს უნდა მიმართონ.
საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ მისი მანდატი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანას ლეგიტიმური პარლამენტი არ ეყოლება, ანუ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები. ირაკლი კობახიძის თქმით კი, 29 დეკემბერს, სალომე ზურაბიშვილს თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა.
ვინ არის და რა ქონებას ფლობს მიხეილ ყაველაშვილი.