საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების 4 პარასკევი აქვს დარჩენილი და ვერ ეგუება, რომ რეზიდენციიდან გამოსვლა 29 დეკემბერს მოუწევს. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
საქმე ისაა, რომ გუშინ, საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი მანდატი იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ქვეყანას ლეგიტიმური პარლამენტი არ ეყოლება, ანუ არ ჩატარდება ხელახალი არჩევნები.
კობახიძის თქმით, 26 ოქტომბერს, ზურაბიშვილი იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას გაემარჯვა, რათა საკუთარი თანამდებობა შეენარჩუნებინა, თუმცა ის დამარცხდა.
„სალომე ზურაბიშვილს 4 პარასკევი აქვს დარჩენილი. ვერ ეგუება ამას. მე მესმის მისი ემოციური მდგომარეობა, თუმცა 29 დეკემბერს მოუწევს გამოვიდეს საკუთარი რეზიდენციიდან და შენობა ლეგიტიმურად არჩეულ პრეზიდენტს დაუთმოს .
მე შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნები წააგო. ის იბრძოდა იმისათვის, რომ რადიკალურ ოპოზიციას 26 ოქტომბრის არჩევნები მოეგო, რითაც ექნებოდა გარანტია თანამდებობაზე დარჩენის. თუმცა, მან ეს არჩევნები ძალიან მძიმედ წააგო. მალე იწყება მისი უფლებამოსილების მე-7 წელი და კვლავაც ვერ ელევა საკუთარ სკამს. რა თქმა უნდა, თავის სკამიანად მოუწევს გარეთ გამოსვლა, ქალბატონ სალომეს“, - ამბობს პრემიერი.