მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში დღესვე რომ გავწევრიანდეთ, ღვინის დარგს როგორც წარმოების, ისე კონტროლის მხრივ წაადგება - სამანიშვილი

გიორგი სამანიშვილი

საქართველოს ღვინის სექტორის დამოკიდებულება რუსულ ბაზარზე მზარდია, რეკორდული საექსპორტო შემოსავლების პარალელურად წელს რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 68%-მდე გაიზარდა. ამ მასშტაბით არა, თუმცა წელს ევროკავშირში ქართული ღვინის ექსპორტი მაინც გაიზარდა.

ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ღვინის სექტორი ჩამოინგრევა თუ საქართველოს ხვალვე მიიღებენ ევროკავშირში. შალვა პაპუაშვილს არ დაუკონკრეტებია რატომ ჩამოიშლება ქართული ღვინის ინდუსტრია, მაშინ როცა ევროკავშირის წევრებიც ვაჭრობენ რუსეთთან ღვინით და თან საკმაოდ წარმატებით.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი აცხადებს, რომ პაპუაშვილის ეს განცხადება არც დაგეგმილი იყო და არც გააზრებული.

"უბრალოდ, მე მგონია, მან გაიმეორა იმ არც ისე წარმატებული მეღვინეების აზრი, რომლებსაც სხვა გამოსავალი არ აქვს გარდა იმისა, რომ რუსეთში გაყიდონ ღვინო. იმიტომ, რომ არც ისე ხარისხიან ღვინოს ამზადებენ. დარგშიც არის ხალხი, რომლებიც თვლიან, რომ მხოლოდ რუსეთის ბაზარზეა შესაძლებელი ქართული ღვინის გაყიდვა. სამწუხაროა, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს ინფორმაცია აქვს რამდენიმე მოფალსიფიკატორო და არც ისე ხარისხიანი ღვინის მწარმოებლისგან. დღესვე რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში უფრო წაადგება დარგს წარმოების და კონტროლის მხრივაც. ზოგადად ძალიან გვიფუჭდება იმიჯი მას შემდეგ, რაც პრორუსულ განცხადებებს კანონებს [ვიღებთ]. იმიტომ, რომ ქართული ღვინო შეიძლება მალე ასოცირდეს საბჭოურ ღვინოსთან, რაც ნამდვილად ცუდი იმიჯია", - აცხადებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სამანიშვილი.

თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ვაჭრობენ რუსეთთან ღვინით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, მაგალითად შარშან იტალია რუსეთში ღვინის მსხვილი იმპორტიორი იყო.

“ევროპული ღვინოები საკმაოდ წარმატებულად იყიდება რუსეთის ბაზარზე და ევროკავშირში ყოფნა იმ ქვეყნებს ხელს საერთოდ არ უშლის. შემიძლია გითხრათ რომ არაერთი ევროპული ქვეყანა რუსეთში გაცილებით მეტ ღვინოს ყიდის რაოდენობით და ღირებულებითაც, ვიდრე საქართველო. თუნდაც მაგალითად გასული წლის სტატისტიკით იტალიას ბევრად მეტი ღვინო აქვს გაყიდული, ვიდრე საქართველოს", - ამბობს "თბილღვინოს" დამფუძნებელი გიორგი მარგველაშვილი.

წელს საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის 68% რუსეთში გაიყიდა. 2024 წლის ათ თვეში რუსეთში ჯამში 161 მლნ დოლარის ღვინოა გაყიდული. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ათ წელში, 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც რუსეთის ბაზარი ქართული ღვინისთვის გაიხსნა, ღვინის ექსპორტი 111 მლნ დოლარით არის გაზრდილი და რეკორდულ ნიშულს შარშან მიაღწია, როცა ექსპორტის ღირებულებამ 168 მლნ დოლარს გადააჭარბა.

ქართული ღვინოს ექსპორტი რუსეთში ბოლო ათ წელში:

2013 წელი – 56.8 მლნ დოლარი

2014 წელი - 111.4 მლნ დოლარი

2015 წელი - 43.3 მლნ დოლარი

2016 წელი - 55.8 მლნ დოლარი

2017 წელი - 98.9 მლნ დოლარი

2018 წელი - 114.5 მლნ დოლარი

2019 წელი - 133.2 მლნ დოლარი

2020 წელი - 119.5 მლნ დოლარი

2021 წელი - 130.7 მლნ დოლარი

2022 წელი - 160.8 მლნ დოლარი

2023 წელი - 168.2 მლნ დოლარი

რიცხვებში ჩანს მხოლოდ ტენდენცია ცოტა არასახარბიელოა ის რომ რუსეთის მიმართულება იზრდება, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წელია. მთლიანობაში ნამდვილად არ არის კატასტროფულად მდგომარეობა. უფრო მომავალს უნდა შევხედოთ ალბათ უფრო ამ დღეებში და თვეებში გადაწყდება ის თუ მეღვინეობის ექსპორტი ჩრდილოეთის მიმართულებით დარჩება მნიშვნელოვანი თუ დივერსიფიკაციას გააგრძელებს” , - აცხადებს სამანიშვილი.

2024 წლის ათ თვეში ღვინის ექსპორტი ჯამში 9%-ით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში 237 მლნ დოლარის ღირებულების ღვინო გავიდა საზღვარგარეთ. აღსანიშნავია, რომ შარშან ღვინის ექსპორტიდან ქვეყანამ რეკორდული 259 მლნ დოლარი მიიღო.

ღვინის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი:

2024 წელი - 237 მლნ დოლარი (10 თვე)

2023 წელი - 259 მლნ დოლარი

2022 წელი - 252 მლნ დოლარი

2021 წელი - 239 მლნ დოლარი

2020 წელი - 210 მლნ დოლარი

2019 წელი - 223 მლნ დოლარი

წელს ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურება:

  1. რუსეთი - 161 მლნ დოლარი;
  2. პოლონეთი - 13 მლნ დოლარი;
  3. უკრაინა - 10 მლნ დოლარი;
  4. ყაზახეთი - 8.6 მლნ დოლარი;
  5. ჩინეთი - 7.5 მლნ დოლარი;
  6. აშშ - 6.4 მლნ დოლარი;

2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 12%-ით არის გაზრდილი, პოლონეთში კი ზრდა 11%-ით. მათგან განსხვავებით ექსპორტი შარშანდელთან შედარებით შემცირებულია უკრაინასა და ჩინეთში.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზრები:

  1. რუსეთი - 161 მლნ დოლარი;
  2. პოლონეთი - 13 მლნ დოლარი;
  3. უკრაინა - 10 მლნ დოლარი;
  4. ყაზახეთი - 8.6 მლნ დოლარი;
  5. ჩინეთი - 7.5 მლნ დოლარი;
  6. აშშ - 6.4 მლნ დოლარი;

ღვინის კომპანია გიორგი მარგველაშვილი ასევე გვეუბნება, რომ ევროკავშირში ღვინის გაყიდვები მზარდია და 27 მლნ დოლარის ღვინო, რაც წელს საქართველომ ევროპაში გაყიდა ცოტა არ არის.

“ჩვენი გაყიდვები ევროკავშირის ბაზარზე საკმაოდ გაზრდილია. ეს ქვეყნები ყველასთვის გამოირჩეოდა თავისი სიმყარით და სტაბილურობით მიუხედავად იმისა, რომ ზრდის ტემპი წლიდან წლამდე შეიძლება მაღალი არ ყოფილიყო. იმიტომ, რომ ახალი ადგილის დამკვიდრება დროს მოითხოვს", - ამბობს ის.

სამანიშვილი ასევე თქმით კი სოფლის მეურნეობის ახალმა მინისტრმა უნდა განმარტოს იცვლება თუ არა ღვინის მიმართულებით პოლიტიკა, რადგან აქამდე ცნობილი იყო რომ საქართველოსთვის ევროკავშირში ღვინის ექსპორტის ზრდა პრიორიტეტული იყო.

“დღემდე ვიცით რომ ევროკავშირის მიმართულება პრიორიტეტულია და აუცილებელია ქართული მეღვინეობის განვითარებისთვის. თუ რაღაც იცვლება ეს ერთი წინადადება საკმარისი არ არის და ალბათ უნდა განავრცოს ხელისუფლებამ, მთავრობამ რას გულისხმობენ იმაში რომ ევროკავშირმა შეიძლება პრობლემა შეუქმნას მეღვინეობას, რაც აბსოლუტურად არასწორია”, - აცხადებს ის.

ბოლო წლებში, მათ შორის უკრაინის ბაზრის თითქმის დაკარგვის შემდეგ, რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზარდა და შარშან ქვეყანამ 65%-იანი დამოკიდებულებით ჩახურა წელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები