მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ში გაწევრიანების ეკონომიკური ეფექტი - როგორია ქვეყნების გამოცდილება

ევროკავშირი-საქართველო

UNDP აქვეყნებს ორგანიზაცია უფლებადამცველთა გაერთიანება - ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებულ ნაშრომს "ევროკავშირისკენ გზა: უპირატესობები და წინსვლის შესაძლებლობა", რომელიც ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ EU-ს წევრი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების ეკონომიკური ტრანსფორმაციის გამოცდილებას აღწერს.

2004 წელს ორგანიზაციას რვა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყანა შეუერთდა – ჩეხეთი, ესტონეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ორი ათწლეულის შემდეგ, მათი ეკონომიკური მონაცემები ცხადყოფს, თუ რა გავლენა მოახდინა ევროკავშირის წევრობამ.

ევროკავშირში გაწევრების შემდეგ, ამ ქვეყნების მშპ (GDP) ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 50%-ზე მეტით გაიზარდა. პოლონეთის ეკონომიკური ინსტიტუტის კვლევით, ამ ზრდას დიდი წვლილი შეიტანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) ზრდამ, რომელიც 21-ჯერ გაიზარდა.

ევროკავშირმა მნიშვნელოვან ცვლილებებს ხელი შეუწყო გარემოს დაცვის მიმართულებითაც. 2005-2021 წლებში, ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობა 75%-ით შემცირდა, რაც გარემოსდაცვითი რეგულაციების გაუმჯობესების შედეგია.

ხორვატიის ეკონომიკური ტრანსფორმაცია

ხორვატია ევროკავშირს 2013 წელს შეუერთდა, რის შემდეგაც მისი ეკონომიკა რამდენიმე მიმართულებით მნიშვნელოვნად შეიცვალა.

  • მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2013 წელს ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 50% იყო, ხოლო დღეს 75%-ს აღწევს.
  • ექსპორტი გაორმაგდა, რაც ევროკავშირის ერთიანი ბაზრის ნაწილად ქცევის შედეგია.
  • უმუშევრობის დონე 17.25%-დან 6.1%-მდე შემცირდა, რაც ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შედეგია.

ხორვატიის შემთხვევა აჩვენებს, რომ ევროკავშირის წევრობა შეიძლება მნიშვნელოვან ეკონომიკურ და სოციალურ ცვლილებებს შეუწყოს ხელი.

საქართველოს პერსპექტივა

საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესშია და 2023 წელს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო.

  • საქართველოს მშპ ერთ სულ მოსახლეზე 7,000 ევროს შეადგენს, რაც ევროკავშირის ყველაზე დაბალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნის – ბულგარეთის (7,900 ევრო) – დონესაც ჩამორჩება.
  • ევროკავშირში გაწევრებულ ქვეყნებში, გაწევრებიდან 10-15 წელში მშპ საშუალოდ გაორმაგდა.
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციები (FDI) ევროკავშირის ახალ წევრ ქვეყნებში გაწევრების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა, რაც ეკონომიკურ განვითარებას შეუწყო ხელი.
  • სოციალური სტანდარტების ზრდის შედეგად, ახალ წევრ ქვეყნებში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობა 30-50%-ით შემცირდა.

საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივა ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებთანაა დაკავშირებული. სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებს, რომ ამ პროცესს შეუძლია ხელი შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას, ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები