მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადება საქართველოს განუსაზღვრელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს აყენებს - "ჯეოქეისი"

სს

EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადება საქართველოს განუსაზღვრელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს აყენებს - ამის შესახებ განცხადებას ანალიტიკური ცენტრი „ჯეოქეისი“ ავრცელებს.

განცხადებაში წერია, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან, 28 ნოემბრის განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისადმი მზადყოფნის საჯაროდ დეკლარირება არასერიოზული და შეცდომაში შემყვანია.

"როგორც ცნობილია, 2024 წლის 28 ნოემბერს ქართულმა ოცნებამ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხის საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ 2028 წლამდე. მომდევნო პერიოდში, ქართული ოცნება ფართო საზოგადოებას მიმართავს როგორც კონცეპტუალურად, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით აბსურდული წინადადებებითა და დეზინფორმაციული მოწოდებებით.

მათ შორის: „მზად ვართ დღესვე მოვაწეროთ ხელი ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას!“, ან „რატომ არ შეიძლება ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთობლივად მიმართონ ევროკავშირს, რომ ამ უკანასკნელმა გახსნას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები?“

საზოგადოებისათვის ცნობილია, თუმცა გვსურს დამატებით განვმარტოთ, რომ, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად, 2023 წელს ევროკავშირის კომისიამ (ევროკომისიამ) საქართველოს ხელისუფლებას წარუდგინა 9 რეკომენდაცია, რომელთა შესრულებაში მიღწეულ პროგრესს უნდა განესაზღვრა ევროკომისიის შემდეგი - ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის თაობაზე - რეკომენდაციის შინაარსი.ხსენებული 9 რეკომენდაცია მოითხოვს, რომ პროგრესი იქნას მიღწეული ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: საქართველოს პოზიციების თანხვედრა ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, პოლარიზაციის შემცირება და ევროინტეგრაციის მიმართულებით ინკლუზიური სამუშაოს წარმართვა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, ეფექტიანი სასამართლო რეფორმის განხორციელება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად დე-ოლიგარქიზაციის ღონისძიებების გატარება და სხვა.

იმ პირობებში, როდესაც ზემოხსენებული 9 რეკომენდაციის შესრულების კუთხით, არათუ პროგრესი, არამედ აშკარა ფაქტობრივი უკუსვლაა, ასევე ქართული ოცნების 28 ნოემბრის განცხადების შინაარსის გათვალისწინებით, ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისადმი მზადყოფნის საჯაროდ დეკლარირება არასერიოზული და შეცდომაში შემყვანია. როგორც ჩანს, ქართულ ოცნებას კვლავ სურს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმართოს საკუთარი პირობებით და არა ევროკავშირის კანონმდებლობისა და ევროკავშირში დამკვიდრებული საუკეთესო პრაქტიკების შესაბამისად.ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს არეგულირებს ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა და ეს პროცესი მიმდინარეობს 2020 წელს დამტკიცებული ევროკავშირის გაფართოების ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად. მოლაპარაკებების პროცესი მიმართულია აპლიკანტი ქვეყნის ყველა დარგის ფუნდამენტური რეფორმირებისა და მოდერნიზაციისკენ. ხსენებული პროცესი ყოვლისმომცველი და მასშტაბურია, მხარდაჭერილია ევროკავშირის მძლავრი ფინანსურ-ტექნიკური ინსტრუმენტებით.საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გადადება, განუსაზღვრელ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას და აშორებს კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები