რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ამბობს, რომ თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი მას "არამეგობრული ქვეყნების" სიაში შეიყვანს და ამით ქართველი მწარმოებლები დაზარალდებიან.
"მე არ ვამბობ, რომ ჩვენ ამის გაკეთება გვსურს მაგრამ, ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, რუსეთს მოუწევდა საქართველო არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში ჩაესვა და მასზე საპასუხო ეკონომიკური ზომები გაევრცელებინა. ეს აისახებოდა ქართული მინერალური წყლების, ხილის, ღვინისა და ყველა იმ პროდუქტის მწარმოებელზე, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის", - განაცხადა ზახაროვამ.
მისივე თქმით, მისთვის გაუგებარია რატომ სურს თბილისს ევროკავშირში გაწევრიანება მაშინ, როცა წევრმა ქვეყნებმა საქართველოს წინააღმდეგ სანქციები "სრულიად უმიზეზოდ" დააწესეს. ამას გარდა, ზახაროვამ ევროკავშირი საქართველოში გადატრიალების მცდელობაშიც დაადანაშაულა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ნებისმიერი ქვეყნისთვის მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის ბრიუსელისთვის გადაცემის ფასადაა შესაძლებელი. მეტიც, მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ხანია ქვეყანა ევროკავშირის წევრია, „ყველა ვალდებულია საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილზე ბრიუსელის სასარგებლოდ უარი თქვას. ეს კეთდება არა რაციონალური გადაწყვეტილებების ან ეკონომიკური სარგებლის გამო, არამედ უბრალოდ იმიტომ, რომ ასეთი მოთხოვნა არსებობს", - ამბობს ზახაროვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ასევე ამბობს, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა: "მსურს შეგახსენოთ, რომ საქართველოში ყოველი მეოთხე ტურისტი რუსეთიდანაა. ისინი არიან მადლიერი, ფინანსურად უზრუნველყოფილი ტურისტები, რომლებსაც საქართველოში თავიანთი მეგობრებიც ჩამოჰყავთ, ისინიც ქართულ სამზარეულოზე, ქართულ კულტურაზე, არქიტექტურისა და საქართველოს ისტორიაზე შეყვარებულნი ხდებიან", - ამბობს ზახაროვა და ამატებს, რომ საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, „ბრიუსელის დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით", მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და ასევე საფრთხის ქვეშ დააყენებდა საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის კავშირებს.




























