მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU-ში ღვინის რეალიზება 12.4%-ით შემცირდა, ექსპორტში რუსეთის წილი კი 69.1%-ია

64b7caa0b0da5
ვიქტორია მღებრიშვილი
19.07.23 15:29
530
2023 წლის პირველ ნახევარში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ათეულში ყურძნის ნატურალური ღვინოები ავტომობილებისა და სპილენძის მადნების შემდეგ, 4.1%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს.

საქსტატის მიერ დღეს განახლებული საგარეო ვაჭრობის იანვარ-ივნისს ოფიციალური სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ 43 382 ტონა ღვინის ექსპორტით 126 მილიონ 030 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს გასული წლის პირველი 6 თვის მონაცემებს ღირებულებით 26.3%-ით, ხოლო მოცულობით 27.3% აღემატება. შესაბამისად, წელს ღვინის ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

სარეალიზაციო ბაზრებს შორის ტრადიციულად რუსეთი ლიდერობს, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში 69.1%-მდე არის გაზრდილი. წლის პირველ ნახევარში რუსეთის ფედერაციაში 81 მილიონ 806 ათასი დოლარის ღირებულების 29 991 ტონა ღვინო გავიდა. ზრდა ღირებულებაში 41.3%-ია, მოცულობით კი 39.5%.

რაც შეეხება სხვა ბაზრებს, მაგალითისთვის ევროკავშირის ქვეყნებში ჯამურად ყურძნის ნატურალური ღვინოების ექსპორტი კლების ტენდენციით ხასიათდება. წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში 14.3 მლნ დოლარის ღირებულების 4 549 ტონა ღვინო გავიტანეთ, რაც გასული წლის რეალიზებული ღვინის ღირებულებას 12.4%-ით, მოცულობას კი 15.9%-ით ჩამორჩება.

ღვინის TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგს თუ შევხედავთ, რუსეთთან ერთად ექსპორტი გაიზარდა უკრაინის, ყაზახეთის, ბელარუსის და გერმანიის, შემცირებული კი პოლონეთის, ჩინეთის, ლატვიის და ლიეტუვის მიმართულებით. აშშ-ს ბაზარზე ღვინის რეალიზების მაჩვენებლები თითქმის გასული წლის პირველი ექვსი თვლის ანალოგიურია:


1. რუსეთი - 81.8 მლნ დოლარი, 29 991 ტონა;
2. პოლონეთი - 6.7 მლნ დოლარი, 2 670 ტონა;
3. უკრაინა - 6.4 მლნ დოლარი, 2 286 ტონა;
4. ჩინეთი - 6 მლნ დოლარი, 1 722 ტონა;
5. ყაზახეთი - 5.3 მლნ დოლარი, 1 630 ტონა;
6. ბელარუსი - 4.4 მლნ დოლარი, 1 588 ტონა;
7. აშშ - 2.6 მლნ დოლარი, 425 ტონა;
8. გერმანია - 2.3 მლნ დოლარი, 510 ტონა;
9. ლატვია - 2 მლნ დოლარი, 585 ტონა;
10. ლიეტუვა - 1 მლნ დოლარი, 311 ტონა.


საექსპორტო ბაზრებს შორის ასევე გაერთიანებული სამეფო, ესტონეთი, იაპონია, ისრაელი, თურქეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, შვედეთი, კანადა, ნორვეგია და სხვა ქვეყნები არიან.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები