მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

EU-სთან ექსპორტის ზრდის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა - სონღულაშვილი

სოფლის მეურნეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, იმისთვის რომ ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტის ზრდის ტენდენციის შენარჩუნებისთვის, ბიზნესის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისებაა აუცილებელი. ამის შესახებ სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული, რომელშიც უწყების ხელმძღვანელი საფრანგეთში, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მონაწილეობა და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) გენერალურ დირექტორთან შეხვედრას აფასებს.

დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო აგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით გაწერილი მიზნების შესრულებას და ევროინტეგრაციის საგზაო რუკა 2030 წლამდეა გაწერილი.

„თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ევროკავშირის ბაზრებზე ექსპორტის ზრდის მიმართულებით. აღნიშნული ტენდენციის შენარჩუნებისთვის აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობა და ინვესტიციების წახალისება, რაც უზრუნველყოფს ორმხრივ ეკონომიკურ სარგებელს“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ბრუნვა 14%-ით ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და 5.2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც იმპორტის მაჩვენებლის დამსახურებაა. საქართველოს ევროკავშირთან ვაჭრობის უდიდესი წილი სწორედ იმპორტზე მოდის, რომელიც გასულ წელს ექსპორტს 8-ჯერ აღემატებოდა.

2024 წელს, ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს მთლიან ექსპორტში 8.7%-იანი წილი ჰქონდათ, რაც ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო იმპორტში EU-ს წილი გაიზარდა და 27.2% იყო.

10 წელზე მეტია, რაც ქართული საქონლისა და მომსახურებისთვის ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, თუმცა ქვეყანა DCFTA-ს შესაძლებლობებს კვლავ არასაკმარისად იყენებს.

DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტმა მაქსიმუმს, 761.6 მლნ დოლარს, 2022 წელს მიაღწია, 2023 წელს 20%-იანი კლება დაფიქსირდა. ამასთან, თუ 2014 წელს ევროკავშირზე საქართველოს მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე) 22.4% მოდიოდა, 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 15.9% შეადგინა.

უფრო დეტალურად, DCFTA-ს პირობებში ევროკავშირში ადგილობრივი ექსპორტის დინამიკა ასეთია:

  • 2014 წელი - $408 მლნ;
  • 2015 წელი - $534 მლნ;
  • 2016 წელი - $492 მლნ;
  • 2017 წელი - $558 მლნ;
  • 2018 წელი - $612 მლნ;
  • 2019 წელი - $735 მლნ;
  • 2020 წელი - $642 მლნ;
  • 2021 წელი - $659 მლნ;
  • 2022 წელი - $762 მლნ;
  • 2023 წელი - $609 მლნ;
  • 2024 წელი - $477 მლნ.

სავაჭრო ბრუნვაში მცირე ექსპორტის მიუხედავად, მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველომ გაერთიანების ქვეყნებში საქონლის გაყიდვით 262 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის მაჩვენებელს 60.3%-ით აღემატება. შეიძლება ითქვას, რომ წელს ექსპორტის ზრდა სრულად ადგილობრივად წარმოებული საქონლის - ძვირფასი ლითონებისა და ასევე სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ზრდით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, ისიც რომ მთლიან ექსპორტში ადგილობრივ ექსპორტზე [რეექსპორტის გარეშე] ძირითადი წილი მოდის, რამაც 2025 წლის 4 თვეში 232.4 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები