მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EU ტანსაცმლის ბრენდებისთვის მწვანე რეგულაციებს აწესებს

649c137f4a08e
სალომე ხიდურელი
01.07.23 12:18
7414
ევროპული კომისია გეგმავს, რომ ყველა რეგულაცია, რომელიც ტანისამოსის მდგრად წარმოებას შეეხება, 2028 წლისთვის უკვე ძალაში იყოს შესული.

კომისია ევროპაში ტექსტილის მოხმარების შემცირებაზე მუშაობს, რადგან სწორედ ამ წარმოებას, საკვების, მშენებლობისა და ტრანსპორტირების სექტორების შემდეგ, ყველაზე მაღალი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე.

ევროპის სწრაფი მოდის უმსხვილესი ბრენდები Inditex-ი და H&M-ი საკუთარი წარმოების შემცირებას არ აპირებენ, თუმცა უკვე ეძებენ გზებს, გამოიყენონ ნაკლები წყალი და ენერგია და მეტი გადამუშავებული ტექსტილი.

როგორც ევროკომისიის წარმომადგენელი ვირგინიუს სანკევიჩიუსი უცხოურ მედიასთან ინტერვიუში აცხადებს, მოდის ინდუსტრიამ ამ დრომდე რეგულაციების გარეშე მოაღწია, თუმცა ისინი ბუნებრივ რესურსებზე წნეხსა და გარემოს დაბინძურებაზე არიან პასუხისმგებლები.

ევროკომისია მინიმუმ 16-პუნქტიან კანონპროექტს შექმნის, რომლის მიზანიც მოდის კომპანიების მიერ მათი წარმოებული ტანსაცმლის გარემოზე ზემოქმედების გამო პასუხისმგებლობის დაკისრებაა.

სანკევიჩიუსის განმარტებით, ზომები, რომლებსაც ევროკავშირი მომდევნო 5 წლის განმავლობაში შემოიღებს, სწრაფი მოდის ბრენდებისთვის გამოწვევა იქნება. ტანსაცმლის მწარმოებელ კომპანიებს მოუწევთ, რომ ან წარმოებული პროდუქტის გარკვეული პროცენტის ოდენობის ტექსტილი შეაგროვონ გადასამუშავებლად, ან ადგილობრივ ხელისუფლებას ფულადი ჯარიმა გადაუხადოს. აღსანიშნავია, რომ პროცენტული მაჩვენებელი და ჯარიმის თანხა წლების განმავლობაში გაიზრდება.

კომისია ჯერ ისევ განიხილავს საწყის პროცენტულ მაჩვენებელზე, რა რაოდენობის ტექსტილის შეგროვებაც კომპანიებს მოუწევთ, თუმცა, როგორც მათი წარმომადგენელი აღნიშნავს, ეს “აუცილებლად იქნება 5%-ზე მაღალი”.

ევროკავშირის მიზანია, რომ 2030 წლისთვის მოდის კომპანიებმა უფრო მდგრადი, ხარისხიანი და მარტივად გადასამუშავებელი პროდუქცია აწარმოონ.

ევროკავშირში ყოველწლიურად 5.8 მილიონი ტონა ტექსტილის პროდუქტი ნაგავსაყრელზე ხვდება - რაც ევროკავშირის თითოეულ მაცხოვრებელზე 11 კგ-ს ეკვივალენტია. ყოველდღიურად ათობით სატვირთო მანქანის საბარგულიდან ბუნებაში იცლება ტექსტილის პროდუქტები, რომლებსაც შემდეგ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში წვავენ.

ამავდროულად ევროკომისია მუშაობს რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც, ტანსაცმლის ბრენდებს საკუთარი პროდუქციის “მდგრადად” და “ეკომეგობრულად” გარეკლამება შეეზღუდებათ. უწყების განმარტებით, “ეკო-იარლიყების” ნახევარზე მეტი მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

როგორც კომისიის წევრი აღნიშნავს, ეკო-იარლიყებზე რეგულაცია 2024 წლის დასაწყისიდან ამოქმედდება. ევროკავშირმა ასევე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბლოკის ქვეყნებში გამოუყენებელი ტექსტილის განადგურება აიკრძალოს, რაც ნედლეულის ხელახალ გამოყენებასა და გადამუშავებას წაახალისებს და ევროკავშირის მწვანე სტრატეგიის ნაწილია. სინკევიჩიუსის განმარტებით, ამ წესების დანერგვას “6 თვე ან უფრო მეტი” დასჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები