მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"€30 მლნ სამ წელში" - რა თანხა შეიძლება დაკარგოს საქართველომ ევროპის მშვიდობის ფონდიდან?

ევროკავშირი

ევროკავშირი "რუსული კანონის" მიღების და საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ, ზომებს განიხილავს. საკითხზე გუშინ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ შესაძლო ზომებს შორის განიხილება ევროპის მშვიდობის ფონდიდან (EPF) მხარდაჭერის გადახედვა.

BMG-მა ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილეს დახმარების შეჩერების მოლოდინებზე ჰკითხა. გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ ჯერჯერობით საქართველოს ევროპის მშვიდობის ფონდიდან, რომელიც თავდაცვის მიმართულებას მოიცავს, თანხა მიღებული არ აქვს. მისივე თქმით, იყო განცხადებები ევროკავშირის მხრიდან, რომ მომდევნო სამ წელში შესაძლოა 30 მლნ ევრომდე მიგვეღო.

მისივე თქმით, ეს ძალიან დიდი თანხა არაა, თუმცა მისი შეჩერება სასურველი არ არის.

"მე რაც მოვისმინე, საუბარი იყო ევროპის მშვიდობის ფონდიდან თანხის გამოყოფაზე. ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ვინაიდან ეს არის თავდაცვის მიმართულებით და ამ მიმართულებით თანხების არ გამოყოფა არ ვიცი რამდენად სწორად ემსახურება თუნდაც იმ პოლიტიკას, რაც ევროკავშირს აქვს. ჩვენ ამ ფონდიდან ამ ეტაპზე დახმარებას არ ვიღებთ, თუმცა მოლოდინი იყო, რომ მომდევნო წლების განმავლობაში გარკვეული თანხის მიღება შეიძლებოდა. ეს არ იყო ძალიან დიდი თანხა, 3 წელიწადში 30 მილიონ ევრომდე იყო, თუმცა მსგავსი თანხების მიღება მნიშვნელოვანია, ამიტომ, რა თქმა უნდა, [შეჩერება] არ არის სასურველი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არც ბიუჯეტში გვქონდა ეს თანხები დაგეგმილი და არც ჩვენს საშუალოვადიან პარამეტრებში იყო გათვალისწინებული, ვინაიდან მსგავსი თანხის მიღება ჯერ არ გვქონია, მომდევნო წლებში იგეგმებოდა შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმება და თანხების მიღება“,- თქვა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ.

ამასთან, გიორგი კაკაურიძე არ ელის, რომ ევროკავშირის მხრიდან საბიუჯეტო გრანტების და სესხების ნაწილში შეფერხება იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები