უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში მიმდინარე საქმიან ვიზიტს აგრძელებს. როგორც ცნობილია, ის რომში დაგეგმილ უკრაინის აღდგენის ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში, დღეს ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენსა და იტალიელ კოლეგა ჯორჯა მელონის შეხვდა. აღსანიშნავია, რომ იტალიის პრემიერ-მინისტრი დაგეგმილი ღონისძიების ფარგლებში ომში მყოფი ქვეყნისთვის €300-მილიონიანი დახმარების გამოყოფას გამოაცხადებს.
იტალიის დედაქალაქში უკრაინის აღდგენის საკითხზე კონფერენცია ორი დღის განმავლობაში, 10-11 ივლისს გაიმართება.
უკრაინის აღდგენის კონფერენციას წელს 100 ქვეყნის დელეგაცია დაესწრება. bm.ge-მ მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, არის თუ არა მათ შორის საქართველოს წარმომადგენელი, მით უფრო იმ ფონზე, რომ გასულ წელს კონფერენციაში ირაკლი კობახიძე მონაწილეობდა.
ქვეყნის ოფიციალურ პირებთან ერთად, ღონისძიებაში 2,000-ზე მეტი ბიზნესი და ორგანიზაცია მიიღებს მონაწილეობას. კონფერენციის მიზანი თავდაცვის სექტორში, ასევე წიაღისეულის მოპოვებისა და ენერგო მიმართულებით კერძო და საჯარო სექტორების თანამშრომლობის ხელშეწყობაა.
ზელენსკის საქმიანი ვიზიტი გუშინ დაიწყო. თავდაპირველად ის კასტელ განდოლფოს ესტუმრა და კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლს, პაპ ლეო მე-14-ს შეხვდა. ვატიკანის პონტიფიკოსმა და ომში მყოფი ქვეყნის ლიდერმა მიმდინარე კონფლიქტი და უკრაინელი ბავშვების იძულებითი დეპორტაცია განიხილეს. რომის პაპმა სამშვიდობო მოლაპარაკების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მხარეებს ვატიკანის სამშვიდობო მოლაპარაკებების სივრცედ გამოყენება შესთავაზა.
პონტიფიკოსთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი შტატების სპეციალურ წარმომადგენელს, კით კელოგს შეხვდა. ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა სამხედრო მხარდაჭერის გაზრდასა და სანქციების დაწესებაზე ისაუბრეს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკული მხარის მიერ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება განხილვის მთავარი საგანი იყო.




























