Eurowings თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შტუტგარტის მიმართულებით ზაფხულიდან დაიწყებს ფრენებს. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციითვე, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია 2022 წლის 19 ივლისიდან შტუტგარტი-თბილისი-შტუტგარტის საჰაერო ხაზზე კვირაში ორი სიხშირით, AIRBUS A320 ტიპის საჰაერო ხომალდით იფრენს. აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანია Eurowings-თან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების მიზნით 2017 წლიდან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
"მოხარული ვართ, რომ ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების არეალს აფართოებს.
დუსელდორფის შემდეგ ოპერირებას თბილისის მიმართულებით გერმანიის კიდევ ერთი ქალაქიდან, შტუტგარტიდან დაიწყებს. დუსელდორფის მიმართულებამ აჩვენა, რომ რეისები საკმაოდ დატვირთულია და ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, შტუტგარტის მიმართულებაც დაემატა. ბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე უკვე შესაძლებელია,” - განაცხადა თამარ არჩუაძემ.
Eurowings-ი საქართველოს ავაბაზარზე 2021 წლის 4 ივლისიდან შემოვიდა და დიუსელდორფსა და თბილისს შორის კვირაში 2 სიხშირით ოპერირებს. Eurowings-ის სატარიფო პოლიტიკა BASIC, SMART და BIZclass სახის ავიაბილეთებზეა გათვლილი.