ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, კერძოდ ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან თანამშრომლობას.
"თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ გამიზნული დეზინფორმაციისა და ინფორმაციით მანიპულაციის ფაქტებზე", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტერიალის ფარგლებში ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა მალტის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
სამინისტროს ცნობით, "ქართული ოცნების" მინისტრმა მალტის საგარეო საქმეთა და ტურიზმის მინისტრთან, იან ბორჯთან შეხვედრაზე განიხილა საქართველოსა და მალტას შორის ურთიერთობები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში, შეხვედრა ასევე გაიმართა მაკა ბოჭორიშვილისა და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ერმეკ კოშერბაევის შორის.
"მინისტრებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები. საუბარი ასევე შეეხო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანზიტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობას', - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბოჭორიშვილი ასევე შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსაც. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჯეიჰუნ ბაირამოვთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა.
"ყურადღება გამახვილდა საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის სამმხრივი რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ერთობლივი სტრატეგიული პროექტების განხორციელების და რეგიონის სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე. აქცენტი გაკეთდა „შუა დერეფნისა“ და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე", - წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მინისტერიალის ფარგლებში "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა უზბეკეთის, სერბეთისა და ალბანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს.




























