მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეუთო/ოდირის დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს - სადამკვირვებლო მისიები

მისიები

სამი ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი, რომ ახალი არჩევნები ჩატარდეს. ამ პოზიციას იზიარებენ "სამართლიანი არჩევნები" (ISFED), "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" და კოალიცია „ჩემი ხმა“ (აერთიანებს 30 სამოქალაქო ორგანიზაციას).

ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ დღეს, ბრიფინგზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების ერთობლივი პოზიცია წარმოადგინა და ანგარიშის მიგნებებზე ისაუბრა.

„ანგარიში უკიდურესად კრიტიკულია და დეტალურად ასახავს დარღვევათა იმ ერთობლიობას, რაც გამოვლინდა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეუთო/ოდირის საპარლამენტო არჩევნების შეფასებები თანხვედრაშია ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების მიერ არჩევნებზე გაკეთებულ ძირითად მიგნებებთან და შეფასებებთან. აღნიშნული დასკვნა არის კიდევ ერთი საფუძველი იმისთვის, რომ საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდეს. ეუთო/ოდირის შეფასებით საპარლამენტო არჩევნების დროს, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღესა და არჩევნების შემდგომ პერიოდში, გამოვლინდა არსებითი ხასიათის დარღვევები, რაც ეწინააღმდეგება ეუთო/ოდირის წინაშე საქართველოს ვალდებულებებსა და არჩევნების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტებს. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია საარჩევნო კანონმდებლობის ხშირი და რიგ შემთხვევაში, დაჩქარებული წესით ცვლილება, რომელიღაც ეჭვს აჩენს მისი პოლიტიკური მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის გაუარესება და საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობასთან არსებული გამოწვევები.

წინასაარჩევნო პერიოდში წაშლილი ზღვარი მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და „ქართული ოცნების“ ფინანსური უპირატესობა, ასევე ამომრჩევლების დაშინება, ზეწოლა, საჯარო უწყებებში დასაქმებულებსა და სოციალურად დაუცველ ჯგუფებზე, რის საფუძველზეც შესაძლოა ზოგიერთმა ამომრჩეველმა თავისუფლად ვერ გააკეთა არჩევანი და ხმა ვერ მისცა შიშის გარეშე.

მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირის მიხედვით, პროცედურულ-ტექნიკურად არჩევნების დღე ძირითადად ორგანიზებული იყო, იგი გამოირჩეოდა დაძაბული გარემოთი, ამომრჩეველზე ზეწოლის ფართომასშტაბიანი შემთხვევების გამო. ამომრჩევლებზე ზეწოლა, მათი აღრიცხვა ძირითადად მმართველი პარტიის მიერ ხორციელდებოდა. მრავალ საარჩევნო უბანზე შეინიშნებოდა გადატვირთულობა, ირღვეოდა ხმის მიცემის ფარულობა. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ფიზიკური დაპირისპირების და დაშინების ფაქტებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხშირად აწარმოებდნენ საარჩევნო უბნებზე ვიდეო გადაღებას, რამაც შესაძლოა დამაშინებელი ეფექტი იქონია ამომრჩევლებზე.

უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული საარჩევნო დავების განხილვის პროცესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავების გადაწყვეტის ეფექტურობა შეზღუდული იყო ამომრჩეველთა მიერ საჩივრის შეტანის უფლების შეზღუდვით, პროცედურული ხარვეზების, კანონმდებლობის ბუნდოვანებისა და მისი გამოყენებისას პრაქტიკული შეუსაბამობის გამო. საარჩევნო დავების დიდი ნაწილი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით, ხშირ შემთხვევებში, არსებითი განხილვის გარეშე. საერთო ჯამში, პოსტსაარჩევნო დავების განხილვამ საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში ძირი გამოუთხარა გასაჩივრების პროცესის უფლებას, ვერ უზრუნველყო ეფექტური სამართლებრივი დაცვის საშუალება და სრულყოფილად არ უპასუხა ფართოდ გავრცელებულ წუხილებს არჩევნების შედეგების სანდოობასთან დაკავშირებით.

საარჩევნო პერიოდში დაბალი იყო ნდობა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და სასამართლოს მიმართ პოლიტიკურად სენსიტიური საკითხების ეფექტურად და მიუკერძოებლად განხილვის თვალსაზრისით.

ანგარიშშია ასევე ხაზგასმულია არჩევნების შემდგომ პერიოდში „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება და საქართველოს მოქალაქეთა პროტესტი, რასაც მოჰყვა შეკრების იძულებით ჩახშობის მცდელობა, დემონსტრანტების მასობრივი დაკავება, რამაც სერიოზული შეშფოთება გამოიწვია შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნინო დოლიძემ და დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული მეთოდების პრევენციისთვის, ეუთო/ოდირი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი მანდატი არ მოიცავს არჩევნების აღიარებას და ცნობას. ის აფასებს ეუთოს წევრი სახელმწიფოების ვალდებულების შესრულებას არჩევნებთან მიმართებით, ეს კი შესაძლებლობას აძლევს ქართველ ხალხს თავად შეაფასოს არჩევნების ჩატარების ხარისხი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები