მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოზე „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა

ეუთო

ეუთოს 24 ქვეყანა საქართველოსთან დაკავშირებით "მოსკოვის მექანიზმს" აამოქმედებს.

საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელმომწერი ქვეყნები შეშფოთებულები არიან საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესების გამო. ამიტომ ეუთო-ს 24 წევრმა სახელმწიფომ "მოსკოვის მექანიზმი" გააქტიურა, რათა შეიქმნას საექსპერტო მისია, რომელიც დაადგენს ფაქტებს და მოამზადებს შესაბამის რეკომენდაციებს.

ინიციატორი ქვეყნები არიან: ალბანეთი, ავსტრია, ბელგია, ბოსნია-ჰერცეგოვინა, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ირლანდია, ისლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო და შვედეთი.

"როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფო, საქართველომ აიღო ვალდებულება, დაიცვას ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. ამასთან, მან აღიარა, რომ ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა არის მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის აუცილებელი წინაპირობა, რაც საჭიროა სახელმწიფოებს შორის მეგობრული ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების უზრუნველსაყოფად".

ინიციატორი ქვეყნები ახსენებენ ვენის მექანიზმის გააქტიურებას და აცხადებენ, რომ მას შემდეგ მხოლოდ გაიზარდა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ ვეყრდნობით ეუთოს ადამიანის განზომილების საკითხებზე მაშინდელი ევროატლანტიკური უსაფრთხოების კონფერენციის (CSCE) მოსკოვის შეხვედრის 1991 წლის დოკუმენტის მე-12 პუნქტს, რათა შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია საქართველოს მიერ ეუთოს ვალდებულებების შესრულების შესაფასებლად", - ვკითხულობთ განცხადებაში. ეუთოს მისია ყურადღებას განსაკუთრებით გაამახვილებს 2024 წლის გაზაფხულიდან დღემდე მიმდინარე პროცესებზე.

„მოსკოვის მექანიზმი“ ეყრდნობა 1989 წელს მიღებულ „ვენის მექანიზმს“, რომელიც 1991 წელს მიიღეს. ორივე მექანიზმი ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევების გამოძიების მიზნით შეიქმნა.

ეუთოს „მოსკოვის მექანიზმი“ შესაძლებლობას აძლევს ეუთოს წევრ ქვეყნებს, გამოიძიონ „სერიოზული ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ“ ამათუ იმ ქვეყანაში, - ამ ქვეყნის ოფიციალური ნებართვის მიუხედავად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები