მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EV-ფურგონების მწარმოებელი Canoo გაკოტრდა

Canoo

ტრადიციულ ავტომწარმოებელ კომპანიებთან უკონკურენტო ბრძოლაში კიდევ ერთი სტარტაპი დამარცხდა. ამჯერად, გაკოტრებული კომპანიების ჩამონათვალში ამერიკული Canoo მოხვდა, რომელიც მომავლის ტრანსპორტის შექმნა სურდა. ამ დროისთვის, Canoo-მ სამი ავტომობილი წარმოადგინა, საოჯახო ელექტროფურგონი Lifestyle Vehicle, კორპორაციული კლიენტებისთვის განკუთვნილი ელექტროფურგონი Multi-Purpose Delivery Vehicle და ელექტროპიკაპი Pickup Truck.

თავად კომპანია 2017 წელს, კალიფორნიაში დაფუძნდა და მის ნოუჰაუს სკეიტბორდის მსგავსი ბრტყელი პლატფორმა წარმოადგენს, რომელზედაც სხვადასხვა ტიპის ავტომობილების დაშენება შეიძლება. 2020 წლიდან, Canoo საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები NASDAQ-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. დღეს, კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.1 მილიონია, არადა იყო დრო, როცა ინვესტორები კომპანიას $3.55 მილიარდად აფასებდნენ, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის აქციები ფაქტობრივად 100%-ითაა გაუფასურებული.

ამერიკული სტარტაპის ფლაგმანური ავტომობილი Canoo Lifestyle Vehicle-ია, რომელსაც მრავალფეროვანი ფუნქციური გამოყენება აქვს. ეს ელექტროფურგონი, რომელიც რამდენიმე კომპლექტაციით გამოდიოდა, ელემენტების სრული დამუხტვით 400 კილომეტრს გადის, რა დროსაც მაქსიმუმ 200 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს. ავტომობილს ფუტურისტული, შეიძლება ითქვას, Rivian-ისებური დიზაინი აქვს, რაც ოთხკუთხედი საჭით, სენსორული ღილაკებით, ჩაშენებული ეკრანებით და პანორამული შუშებითაა გამოხატული. ამ ავტომობილის საწყისი ფასი $34,750-ია.

კიდევ ერთი ავტომობილი, რომელსაც Canoo ყიდდა, ელექტროფურგონი Multi-Purpose Delivery Vehicle-ი იყო, რომელიც ამერიკულმა სტარტაპმა, უმეტესწილად, კორპორაციული კლიენტებისთვის შექმნა. ელექტროფურგონი, რომელიც ზომის და ფუნქციონალის რამდენიმე კომპლექტაციით გამოდიოდა, ელემენტების სრული დამუხტვით 370 კილომეტრს გადის, რა დროსაც მაქსიმუმ 145 კმ/სთ-ში სიჩქარეს ავითარებს. ამ ავტომობილის დანიშნულება პრაქტიკულობა იყო, ამიტომაც ელექტროფურგონში ვერ შევხვდებით ძვირად ღირებულ მასალებს და განსაკუთრებულ ტექნოლოგიებს. ამ ავტომობილის საწყისი ფასი $33,000-ია.

ამერიკულმა Canoo-მ კიდევ ერთი ავტომობილი, ამერიკელების საყვარელი პიკაპი დააანონსა, მაგრამ ეს ელექტრომობილი მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად დარჩა, რადგან კომპანიას არც ერთი შეკვეთა არ შეუსრულებია. Canoo Pickup Truck-ის ფასი და შესაძლებლობები უცნობია, ხოლო ერთადერთი, რისი შეფასებაც შეგვიძლია დიზაინია, რომელიც, გარკვეულწილად, Tesla Cybertruck-ს მოგვაგონებს, მიუხედავად იმისა, რომ Canoo-ს ავტომობილები გაცილებით მომრგვალებულია.

ყველაფერი ის, რაზედაც ახლა მოგიყევით, რეალურად, კომპანიის დამფუძნებლების და მენეჯერების ოცნებები იყო, რადგან საერთო ჯამში, Canoo-მ დამკვეთებს მხოლოდ რამდენიმე ავტომობილი ჩააბარა. ამერიკული კომპანიის პირველი ავტომობილი აშშ-ის ჯარში გაემგზავრა, რადგან კომპანიას საკუთარი წარმოების მრავალფეროვნების ჩვენება სურდა. მოგვიანებით, Canoo-ს რამდენიმე ელექტროფურგონი NASA-მ შეიძინა, რაშიც ჯამში $147,855 გადაიხადა, ანუ ერთი ჩვეულებრივი პიკაპის ფასი. 2023 წელს Canoo-მ რამდენიმე ავტომობილი ოკლაჰომის ხელისუფლებას გაუგზავნა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ, Canoo-ს ავტომობილები ფურგონებით მოვაჭრე ამერიკულმა კომპანია Kingbee-მაც მიიღო.

როგორც Canoo-ში ამბობენ, კომპანიის მენეჯმენტმა მუშაობა უკვე შეწყვიტა, ხოლო თავად გაკოტრების პროცედურას კომპანია დელავერის შტატში გაივლის. როგორც კომპანიის განცხადებაში ვკითხულობთ, გაკოტრების გამოსაცხადებლად Canoo საგადასახადო კოდექსის მეშვიდე თავს გამოიყენებს, რაც ნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ სპეციალურად დანიშნული მმართველი კომპანიის აქტივების ლიკვიდაციას, ანუ გაყიდვას უზრუნველყოფს და მიღებულ თანხას კრედიტორებს დაუბრუნებს. საკუთარ აქტივებს Canoo $126 მილიონად აფასებს, როცა კომპანიის ვალდებულებები $164 მილიონის ტოლია.

შეგახსენებთ, რომ Canoo მხოლოდ ერთ-ერთი იყო იმ ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანიებს შორის, რომლებიც ბოლო წლებში გაკოტრდნენ. პირველად, Electric Last Mile Solutions-ი დაეცა, რაც ჯერ კიდევ 2022 წლის ივნისში მოხდა. მას შემდეგ, გაკოტრების შესახებ Fisker-მა, Lordstown Motors-მა, Proterra-მ, Lion Electric-მა და Arrival-მა განაცხადეს, ხოლო EV-ტრაილერების მწარმოებელი Nikola საერთოდაც თაღლითურ სქემად იქნა მიჩნეული. ამ ტიპის კომპანიების გაკოტრება ბაზარზე არარსებულ მოთხოვნას უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები