წყალდიდობის გამო, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო euronews ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ძლიერი წვიმისა და შტორმის, სახელად „მარტინიოს” გამო, ესპანეთის რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, მადრიდის მახლობლად მდებარე მუნიციპალიტეტ მეხორადა დელ კამპოში წყალდიდობის გამო 48 ადამიანია ევაკუირებული. მადრიდში კი რამდენიმე გზაზე გადაადგილება შეიზღუდა. ამასთან, ათობით გზა გადაიკეტა და მდინარეები ადიდდა ცენტრალურ და ჩრდილოეთ ესპანეთის რაიონებშიც. ხოლო, სამხრეთ ანდალუსიის რეგიონში დაკარგულია ერთი ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთში ბოლო ორი კვირაა უხვი ნალექია, განსაკუთრებით კი ქვეყნის სამხრეთით. ძლიერი წვიმების შედეგად გადაიტვირთა წყალსაცავები და მდინარის ნაპირები. მეცნიერები აღნიშნულს კლიმატის ცვლილებებს უკავშირებენ.




























