ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია EVENTOR-ის დამფუძნებელი თინათინ პაპუკაშვილი BM.GE - სთან სექტორში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სერვისზე ფასები გაზრდილია.
მისი ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზება წლიდან წლამდე სულ უფრო პოპულარული ხდება და აქედან გამომდინარე, ბაზარზე კონკურენციაც გაზრდილია.
„ღონისძიებების სეზონი ახლა იწყება და გარკვეული რაოდენობის წინასწარი ჯავშნები უკვე გვაქვს კიდეც. თუმცა, საქმე ისაა, რომ მომხმარებლებს ცნობიერება ჯერ კიდევ აკლიათ, შესაბამისად, მოთხოვნა, რომ ღონისძიება არალოგიკურ დროში დაუგეგმო, ძალიან ხშირია.
ფასები შარშანდელთან შედარებით გაზრდილია როგორც სარესტორნო, ასევე მომსახურებების მიმართულებით. ადრე თუ ღონისძიების დაგეგმვის ღირებულება დაახლოებით 20 000 ლარიდან იწყებოდა, ახლა სერვისზე დაახლოებით 20-30%-იანი ზრდა მოგვიწია. ამის მიზეზი ისაა, რომ შარშან თუ ერთი პერსონის ღირებულება რესტორანში 150 ლარიდან იწყებოდა, წელს 200 ლარი ღირს.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურისტების მხრიდან მოთხოვნა, რომ ღონისძიება საქართველოში დაუგეგმო ძალიან ხშირია და მოთხოვნის მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. ეს იქნება სადღესასწაულო თუ საქმიანი ღონისძიება. ჩვენს კომპანიაში, მოთხოვნის დაახლოებით 30% ისრაელიდანაა. გარდა ამისა, მოლაპარაკებები აზიასთანაც მიმდინარეობს და სავარაუდოა, რომ ზაფხულში აზიელი მომხმარებლებიც გაგვეზრდება“, - აცხადებს პაპუკაშვილი.
მისივე ცნობით, კომპანია მიმდინარე წელს მასშტაბურ ღონისძიებებზე მუშაობას გეგმავს, რისთვისაც ამჟამად რამდენიმე კონტრაქტორთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. შედეგად, ერთ-ერთ კომპანიასთან კოლაბორაცია უნდა განხორციელდეს. კოლაბორაცია გულისხმობს იმას, რომ პარტნიორმა კომპანიამ უცხოელი მომხმარებელი მოიზიდოს, ხოლო „ივენთორმა“ ღონისძიება დაუგეგმოს.
პაპუკაშვილის განმარტებით, უცხოელი სტუმრებისთვის განსხვავებული ტარიფები იმოქმედებს.
ცნობისთვის, ღონისძიებების ორგანიზატორი EVENTOR ბაზარზე 7 წელია ოპერირებს.