საფეხბურთო სააგენტო Transfermarkt-ის მიხედვით, ევრო 2024-ის 24-ვე მონაწილე გუნდის საერთო ღირებულება 10,62 მილიარდ ევროს შეადგენს, ხოლო უმაღლესი მაჩვენებელი 1,47 მილიარდით ინგლისის ნაკრებს აქვს, მეორე ადგილზე საფრანგეთის ნაკრებია 1,21 მილიარდი ევროთი, ხოლო სამეულს პორტუგალია ხურავს 1,06 მილიარდით.
ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველო საუკეთესო 24 გუნდს შორის 150,2 მილიონი ევროთი 19-ე ადგილს იკავებს, ხოლო ყველაზე იაფფასიანი შემადგენლობა რუმინეთის ნაკრებს აქვს 95,83 მილიონი ევროთი.
თუკი ტურნირზე სავარაუდო მონაწილე ფეხბურთელებსაც მიმოვიხილავთ, უნდა აღინიშნოს, რომ საზიარო პირველ ადგილს 180 მილიონით ინგლისელი ჯუდ ბელინგემი და ფრანგი კილიან მბაპე იყოფენ. საქართველოს წარმომადგენლებიდან ყველაზე ძვირად, 80 მილიონ ევროდ ხვიჩა კვარაცხელია ფასდება, რომელიც პორტუგალიელ რუბენ დიაშთან და ნიდერლანდელ ხავი სიმონსთან ერთად მე-13 ადგილს იყოფს.
თუკი მოთამაშეების საშუალო ასაკსაც გავითვალისწინებთ, ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა სერბეთსა და ნიდერლანდებს ჰყავთ, რადგანაც მათი ფეხბურთელების საშუალო ასაკი 22 წელს შეადგენს. საპირისპიროდ, უხუცესი გუნდით საქართველოს უშუალო კონკურენტი პორტუგალია გამოირჩევა, რომლის შემადგენლობის საშუალო ასაკი 32 წელს შეადგენს.
მთლიანობაში კი ევრო 2024-ის 5 ყველაზე ძვირად ღირებული ნაკრები ასე გამოიყურება:
5. იტალია – €757 მილიონი
4. ესპანეთი – €906 მილიონი
3. პორტუგალია – €1,06 მილიონი
2. საფრანგეთი – €1.21 მილიარდი
1. ინგლისი – €1.47 მილიარდი
საქართველო - €150.2 მილიონი
ცნობისთვის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება.