არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებენ და პროევროპულ პროტესტს სოლიდარობას უცხადებენ.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ არჩევნების გაყალბება და შესაბამისად, შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა ნებას.
ემიგრანტები გმობენ მშვიდობიან მოქალაქეებზე ძალადობას და აღნიშნავენ, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს.
"არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები (ემიგრანტები) ვაცხადებთ რომ:
- საქართველოს კონსტიტუცია წარმოადგენს ქვეყნის ფუნდამენტურ დოკუმენტს და მისი ნებისმიერი ფორმით დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს ქვეყნისა და ერის წინაშე;
- დადასტურებულად განხორციელდა არჩევნების გაყალბება, შესაბამისად არჩევნების შედეგები არ ასახავს საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობის ნებას. ამასთან “ხელისუფლებამ” დაარღვია მთელი რიგი სამართლებრივი ნორმები, რაც თვითგამოცხადებულ პარლამენტსა თუ მის მიერ დანიშნულ თანამდებობის პირებს ხდიან არალეგიტიმურს.
- ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსი წარმოადგენს ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და ერთადერთ საშუალებას საქართველოს ეკონომიკური, დემოკრატიული და უსაფრთხო განვითარების გზაზე.
- მიუღებელია ის ძალადობა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში განხორციელდა საქართველოში და ორმაგად მიუღებელია მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ასეთი სასტიკი, არაადამიანური ძალადობრივი მოპყრობა.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ:
- ყველა მოქალაქეს, ვინც ქუჩაში მშვიდობიანად აპროტესტებს საქართველოს კონსტიტუციისა და არჩევანის თავისუფლების დარღვევის ფაქტს;
- ყველა მოქალაქეს, ვინც დღეს იცავს ჩვენი სამშობლოს ევროპული, დემოკრატიული განვითარების პერსპექტივას.
- ყველა საჯარო მოხელეებსა თუ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს ვინც გაემიჯნა “ხელისუფლების” ანტიკონსტიტუციურ გადაწყვეტილებასა და ძალადობას.
მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს, ჩვენი და ჩვენი შვილების ნათელი მომავლისათვის თავდადებისათვის",- წერია განცხადებაში.