მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროინტეგრაციის გზაზე დაუბრუნებლობა ადრე თუ გვიან ბიზნესსაც მიაკითხავს“ - ინტერვიუ

ზვიად კორძაძე

იურიდიული ფირმა „კორძაძის საადვოკატო ბიუროს“ მმართველი პარტნიორის ზვიად კორძაძის შეფასებით, „ბიზნესში მოლოდინის რეჟიმი“ შენარჩუნებულია. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში წამყვანის იმ კითხვებზე პასუხისას განაცხადა, რომელიც შეჩერებული ევროინტეგრაციის და არჩევნების შედეგების შედეგად ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით, კერძო სექტორში არსებულ განწყობებს შეეხებოდა.

- ბიზნესში მოლოდინის რეჟიმი შენარჩუნებულია. რატომ? - ამ წუთში ქვეყანას არ ჰყავს სახელდარქმეული ახალი ხელისუფლება. მეორე მხრივ, არსებობს [ოპოზიციური] მუხტი, რომელიც ამბობს, რომ ხელს შევუშლით [მმართველ პარტიას] უფლებამოსილების განხორციელებაში. ამ დროს ბიზნესი არის გატრუნული. ფული არის ჯიბეში, თუმცა არავინ ამოიღებს და არ დაიწყებს მის ხარჯვას. თან მალე პრეზიდენტის არჩევნებიც მოდის. ჩემი აზრით, ამ კუთხით ბიზნესის შესაძლო გამოცოცხლებას და მეტ აქტიურობას უნდა ველოდოთ მომავალი წლის იანვრის ბოლოდან ან უფრო თებერვლიდან და ესეც ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული... ბიზნესი არის ძალიან ფრთხილი ყველანაირ სიტუაციაში. მოქალაქეებიც ხომ ასე ვიქცევით - ფულს ვხარჯავთ მაშინ, როცა კარგი სიტუაციაა, ხოლო როცა ცუდი მდგომარეობაა, უფრო დანაზოგის კეთებაზე გადავდივართ. ბიზნესიც ანალოგიურად იქცევა. ამ შემთხვევაში, მე ვგულისხმობ იმ ბიზნესებს, ინვესტორებს, ვინც შეიძლება გარედან ჩადოს საქართველოში ფული და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთია შიდა ბიზნესის ქცევაც. პირიქით, ბიზნესების რაღაც კატეგორიისთვის შეიძლება ახლა ძალიან კარგი პერიოდიც იყოს. არსებობს ბიზნესები, რომელიც ვითარდება და მომავალშიც განვითარდება. ეს შეიძლება არ იყოს დიდი ბიზნესი, მაგრამ რუსეთისკენ გაზრდილმა [სავაჭრო] ნაკადებმა გარკვეულ ნაწილზე იმოქმედა - თავისით ხომ არ ხდება ეს ყველაფერი?! ანუ ვიღაც ამ საქმით არის დაკავებული. აბა, რა ზრდის ეკონომიკას? ჩემი აზრით, ამ ნაკადებმა დიდად განაპირობა არჩევნების შედეგებიც.

- გასაგებია, რომ ახალ და მსხვილ ინვესტორებს ამ სიტუაციაში ნაკლებად უნდა ველოდოთ, მაგრამ ვინც უკვე ბევრი მილიონი ჩადო ამ ქვეყანაში, მათ შორის ადგილობრივმა ბიზნესმენებმა, ისინი ახლა გატრუნულები უნდა იყვნენ?

- გულახდილად გეტყვით, მე როგორც მოქალაქეს, მინდა, ბევრი ბიზნესმენი იქცეოდეს თემურ ჭყონიას მსგავსად, მაგრამ საქართველოში ბიზნესის წარმოება სათუთია და მით უმეტეს იმ მოცემულობაში, რაც ახლა გვაქვს და რაც გვქონდა წინა ხელისუფლების დროს... ისეთ ბიზნესებს, რომელიც მომსახურებას უწევს სახელმწიფო სტრუქტურებს და ბიზნესის 20-40% არის სახელმწიფოდან შემოსული ფული, მათთვის მოთხოვნა, რომ "მოდი, შენ ახლა დროშა დაიკავე და გამოდი", არარეალურია. ნუ ველოდებით ამას.

- „დაბრუნდით ევროინტეგრაციის გზაზე“ - მმართველი პარტიისთვის ამის მოწოდებაც საშიშია ამ ქვეყანაში? თორემ მეც ვცდილობ, ბიზნესის დუმილს გაგებით მოვეკიდო...

- მე უბრალოდ ვხსნი, თორემ ვერანაირად ვერ ვუგებ, რადგან ეს არასდროს დამთავრდება... ევროინტეგრაციის გზაზე დაუბრუნებლობა ადრე თუ გვიან ბიზნესსაც მიაკითხავს. უბრალოდ, ახლა პრიორიტეტების საკითხია - რატომ ვთხოვთ ბიზნესს გმირობას, როცა ჩვენ არ მივდივართ აქციაზე, რათა კრიტიკული მასა შევქმნათ პროტესტისთვის. ძალიან გაბრაზებული და გულდაწყვეტილი ვარ... ან მე და თქვენ ვცდებით და არაა ახლა ის მომენტი, რომ მართლა რაღაცა წყდება [ქვეყნის ისტორიაში] და თუ ასე არაა, რას ვაღწევთ ამ ყვირილით და ვიყოთ და ვაკეთოთ ჩვენც ჩვენი საქმე ან თუ მართლა რაღაცა წყდება, ასე არ უნდა იქცეოდეს საზოგადოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები