„მაქვს სურვილი, „კოკა-კოლაში“ დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ განაცხადა. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ თანამშრომელთა მოტივაციისთვის და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია როგორც ანაზღაურება, ისე სამუშაო საათების ხანგრძლივობა. „რა საჭიროა 24/7-ზე მუშაობა?! ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს“, - ამბობს ის.
- მაქვს სურვილი, „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიაში“ ევროპული დონის ხელფასები გვქონდეს. მინდა, დასაქმებულთა ხელფასი 1500 დოლარზე ნაკლები არ იყოს;
- რომელი წლისთვის დაისახეთ ამ მიზნის მიღწევა?
- ვფიქრობ, 1.5 წელიწადში, 2025 წლისთვის მიღწევადია. თანამშრომელს რამეს რომ სთხოვ, თხოვნის და მოთხოვნის საფუძველი უნდა გქონდეს. ჩვენი მიზანია, თანამშრომელმა 8 საათი იმუშაოს; არ მიყვარს, როცა 24/7-ზე მუშაობას გამოაცხადებენ. როგორ შეიძლება, ადამიანი 24 საათი მუშაობდეს?! რა საჭიროა ეს?! 8 საათი მუშაობა სავსებით საკმარისია. სხვა სიამოვნებაც არსებობს ცხოვრებაში და მხოლოდ სამსახურს არ უნდა გადაჰყვე; 2024 წელს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სახელფასო ბიუჯეტი 40 მლნ ლარი იქნება.
- ჰოლდინგ „ინნ ჯგუფის“ თანადამფუძნებელმა პაატა კოკაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში მითხრა, რომ ხელფასი იმდენი უნდა იყოს, ადამიანს ევროპაში წასვლა არ უღირდეს... დამსაქმებლების ნაწილის აზით, კომპანიებიდან კადრების გადინების და ზოგადად, მოქალაქეების ემიგრაციაში წასვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ანაზღაურებაა...
- სწორი უთქვამს <პაატა კოკაიას>... რატომ მიდის საქართველოს მოქალაქე ევროპაში სამუშაოდ? - იმიტომ რომ მეტი შემოსავალი მიიღოს და ყოფითი პრობლემები მოიგვაროს; ოჯახს მოუაროს... ამიტომ ვალდებულები ვართ, მაღალი დონის სპეციალისტებს და არა მარტო, შევუქმნათ ისეთი პირობები და მივცეთ ისეთი ანაზრაურება, რომ საქართველოს მოქალაქე ევროპაში წავიდეს დასასვენებლად და არა - სამუშაოდ. ამის შესაძლებლობა არსებობს თუ არა? - არსებობს. მეტი უნდა იშრომო, მეტი შემოსავალი გქონდეს და ეს შემოსავალი სწორად უნდა გადაანაწილო....
- ქართველმა დამსაქმებლებმა რა უნდა გაიაზრონ?
- დამსაქმებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ თუ გინდა, პატივისცემა დაიმსახურო და შენი კომპანია წარმატებული იყოს, თანამშრომელთა ანაზაღაურებაში ინვესტირება ერთ-ერთი მთავარი საქმეა.