ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ „რუსული კანონის“ მიღებამ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. ამის შესახებ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩს ჰკითხეს პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ კანონის მიღებამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის შანსი ნული იყო, ხოლო დღეს გაზრდილია 20-30%-მდე. ელჩმა თქვა, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები რთულ პერიოდს გადის.
„დიდი ხანია პოლიტიკა მაქვს, რომ რაიმე კონკრეტულ განცხადებებზე კომენტარი არ გავაკეთო, მაგრამ რადგან მეკითხებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობაზე, დიდი სინანულით უნდა გითხრათ, რომ ამჟამად ჩვენ ურთიერთობაში რთულ პერიოდს გავდივართ. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე უარყოფითად იმოქმედებდა და სამწუხაროდ, ეს მოხდა. მომავალ კვირას ევროკავშირი შედეგებს განიხილავს.
ეს დისკუსია ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რამდენიმე დღის შემდეგ კი ლიდერების დონეზე გაიმართება, ასე რომ პრეზიდენტები და პრემიერ-მინისტრები განიხილავენ და გადაწყვეტენ რა ზომებს მივიღებთ საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ. რა თქმა უნდა, საქართველოს წინსვლის პერსპექტივებზე უარყოფითად იმოქმედა. პრინციპში, ამ კანონის მიღებამ, როგორც მე ვხედავ, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია გაყინა. მოგეხსენებათ, ევროკავშირში ინტეგრაცია ერთსულოვნებას მოითხოვს და ჩვენ უკვე მოვისმინეთ, რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ გაწევრიანების საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნის წინააღმდეგი იქნებოდნენ კანონის მიღების შემთხვევაში. ეს კანონი მიღებულია და შედეგების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მომავალ კვირას მოხდება“, - განაცხადა პაველ ჰერჩინკსიმ ჟურნალისტებთან.