მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი აკაციის თაფლს ითხოვს... მოთხოვნის მოცულობას ვერ ვაკმაყოფილებთ - მეფუტკრეთა კავშირი

63be5dca1a2ce
მარიამ იზორია
15.01.23 19:58
3742
ქვეყნის საზღვრებს გარეთ თაფლის რეალიზაციის 2022 წლის 11 თვის რიცხვები ბოლო ათი წლის განმავლობაში რეკორდულია. უფრო ზუსტად, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ექსპორტზე საქართველოდან 972 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გავიდა. საერთაშორისო ბაზრებზე გაყიდული თაფლის მოცულობამ ჯამში 213 ტონა შეადგინა. ამ პერიოდში ექსპორტის ღირებულება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 81%-ით, პროდუქტის მოცულობა კი 41.9%-ით აღემატება. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში თაფლის ექსპორტის ძირითადი ნაწილი - 72.1% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. ყველაზე დიდი მოცულობით ქართული თაფლი სამ ქვეყანაში - საფრანგეთში, ბულგარეთსა და ნორვეგიაში გაიყიდა.

როგორც საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების დამფუძნებელი ალეკო პაპავა bm.ge-სთან აღნიშნავს, 2023 წელს თაფლის ექსპორტის 500 ტონამდე ზრდაც იგეგმება.

მისივე თქმით, ეს საექსპორტო თაფლის მაქსიმალური მოცულობაა, რადგან იმის მიუხედავად, რომ ქვეყანაში 3 000 კილოგრამზე მეტი თაფლი იწარმოება, შიდა ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით პროდუქტი დეფიციტურადაც შეიძლება ჩაითვალოს. მეფუტკრეთა გაერთიანებაში აღნიშნავენ, რომ უფრო მეტი მოცულობის თაფლის წარმოებისთვის დიდი საფუტკრეების არსებობაა საჭირო.

“ევროკავშირი ძირითადად აკაციის თაფლს ითხოვს. ნებისმიერ რაოდენობას იყიდის, თუმცა ჩვენ ვერ ვაწარმოებთ იმ რაოდენობის აკაციის თაფლს, რომლითაც ევროკავშირის 300-500 ტონა აკაციის თაფლის მოთხოვნას დავაკმაყოფილებთ. ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი თაფლოვანი მცენარეების ბაზის გაზრდაა. ევროკავშირის ბაზრიდან იკვეთება ასეთი ტენდენცია: თუ თვის დასაწყისში ევროკავშირს 200-300 კილოგრამი თაფლი გააქვს, თვის ბოლოს უკვე 3 ტონა თაფლს გვიკვეთავენ.

2022 წელს ჩვენ ვგეგმავდით წაბლის თაფლის ექსპორტს, თუმცა დასავლეთ საქართველოში ცუდი კლიმატური პირობების გამო, ვერ მოხერხდა საექსპორტო რაოდენობის მიღება. 2023 წლიდან, ვფიქრობ, კლიმატიც ხელს შეგვიწყობს და ექსპორტსაც განვახორციელებთ. 2023 წელს გვინდა ექსპორტი 500 ტონას მიუახლოვდეს. საქართველოში იწარმოება 3000 ტონამდე თაფლი, მაგრამ დიდი მოთხოვნაა შიდა ბაზარზეც და პროდუქტი დეფიციტშია. მთავარი პრობლემა ისაა, რომ საფუტკრეების 90% პატარა ზომისაა და ასე საექსპორტოდ დიდი რაოდენობების შეგროვება რთულია”, - ამბობს ალეკო პაპავა.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანებაში ქართული თაფლის ხარისხზეც საუბრობენ. როგორც ალეკო პაპავა აღნიშნავს, ქართული თაფლი ევროკავშირის მოთხოვნებს მაქსიმალურად უახლოვდება. ამასთან, მცირდება ქართული თაფლის პესტიციდებით დაბინძურების მაჩვენებელიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები