მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რატომ გაძვირდა ქართული თაფლის საექსპორტო ფასი - მეფუტკრეთა გაერთიანება მიზეზებს

თაფლი

2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 17 300 დოლარის ღირებულების 400 კილოგრამი ადგილობრივი წარმოების თაფლი გავიდა, ხოლო საშუალო საექსპორტო ფასი 43 დოლარამდე გაიზარდა, მაშინ როდესაც გასულ წელს, საშუალო ფასი 11 დოლარი იყო.

როგორც მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელი ალეკო პაპავა BM.GE-სთან განმარტავს, ფასის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული.

მისი თქმით, თუ ადრე თაფლი ძირითადად საბითუმო პარტიებით გადიოდა ექსპორტზე, ახლა პროდუქტი უკვე საცალო ფორმატში, დაფასოებული და ბრენდირებული სახით იყიდება, რაც ავტომატურად ზრდის მის ღირებულებას : „აქამდე საქართველოდან თაფლი ექსპორტზე ძირითადად შედარებით დიდი პარტიებით, საბითუმო ფასებში გადიოდა, თუმცა ახლა უკვე საცალო ფორმატში იყიდება. ეს ცვლილება განპირობებულია იმითაც, რომ ექსპორტზე გადის კონკრეტული სახეობის, დაფასოებული პროდუქტი - თაფლი უკვე ბრენდირებული სახით გადის, რაც მის ფასზეც შესაბამისად აისახება", - აღნიშნავს პაპავა.

ფასის ზრდის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ბაზარზე არსებული დეფიციტია. მისი ინფორმაციით, შიდა ბაზარზე თაფლის მარაგები პრაქტიკულად ამოწურულია, მაშინ როცა მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, არსებული წარმოების მოცულობები ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისი არ არის.

„დეფიციტიც გვაქვს - შიდა ბაზარზე თაფლის მარაგები ფაქტობრივად ამოწურულია. მოთხოვნა გაზრდილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, თუმცა იმ მოცულობებს, რაც საჭიროა, ამ ეტაპზე ვერ ვაწარმოებთ”, - ამბობს გაერთიანების ხელმძღვანელი.

ამასთან, ქართული თაფლის მიმართ ინტერესი იზრდება ახალი საექსპორტო მიმართულებებიდანაც. პაპავას თქმით, დაგეგმილია შეხვედრები თურქეთში, სადაც ქართული მხარე ბაზარზე შესვლის საკითხებს განიხილავს. პაპავას თქმით, თურქეთის ბაზარზე მოთხოვნა მაღალია - პირველ ეტაპზე დაახლოებით 50 ტონამდე, ხოლო შემდგომში 500 ტონაზე მეტ მოცულობაზეც არის საუბარი.

მისივე შეფასებით, ქართული თაფლის გაძვირება ნაწილობრივ მისი ცნობადობის ზრდასაც უკავშირდება. "ქართული თაფლი გემოვნური თვისებებით გამოირჩევა და მომხმარებლებს მისი ხელახლა გასინჯვის სურვილი უჩნდებათ", - აცხადებს პაპავა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ თაფლს მაღალი ხარისხის პროდუქტის რეპუტაცია აქვს, ამ მიმართულებით დამატებითი კვლევების ჩატარება კვლავ საჭიროა, რათა ეს შეფასებები მეცნიერულადაც გამყარდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები