მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ევროკავშირი დონალდ ტრამპს საპასუხო ტარიფებით ემუქრება

ტრამპი / ურსულა

იმ დროს, როცა დონალდ ტრამპი ევროკავშირისთვის ტარიფების დაწესებას გეგმავს, ევროკავშირი ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო ტარიფებით ემუქრება. ამ დროისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრებისთვის სამი ძირითადი ტარიფის დაწესებას გეგმავს, რომლებიც ფოლადის, ალუმინის და ავტომობილების იმპორტს შეეხება. თუ მეტალების შემთხვევაში ტარიფები ყველა ქვეყანაზე დაწესდება, აშშ-ში ავტომობილების ექსპორტი კონკრეტულად ევროპელ ავტომწარმოებლებს გაუძვირდებათ.

ევროპული ქვეყნები, როგორც ცნობილია, მსოფლიოში საუკეთესო ავტომობილებს ქმნიან, რომელთა რიგებში ვხედავთ, როგორც Volkswagen-ის შედარებით ბიუჯეტურ მოდელებს, ასევე Mercedes-ის და BMW-ს პრემიულ ავტომობილებს და Porsche-ს, Ferrari-ის და Lamborghini-ის ძვირად ღირებულ სპორტულ მანქანებს. თითოეული ამ კომპანიისთვის ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარი ერთ-ერთი კრიტიკულია, მაგრამ თუ ტარიფები დაწესდება, ეს ავტომობილები გაძვირდება, რაც ამერიკელ მომხმარებელს, სავარაუდოდ, მის სამშობლოში წარმოებული Ford-ის, Chrysler-ის, Chevrolet-ს და Corvette-ის ყიდვისკენ უბიძგებს.

ევროკავშირისთვის, ტარიფები, მართალია, ჯერ არ დაწესებულა, მაგრამ ე.წ. სავაჭრო ომის წინააღმდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უკვე ისაუბრეს, თანაც არამხოლოდ ცალკეული ქვეყნების, არამედ მთლიანად ბლოკის დონეზე. საფრანგეთმა ევროკავშირისგან მყისიერი საპასუხო ზომების მომზადება მოითხოვა, ხოლო ევროკომისიამ დონალდ ტრამპის ამ შესაძლო გადაწყვეტილებას გაუმართლებელი და არალეგალური უწოდა. თუ ტარიფები მართლაც დაწესდა, ევროკავშირს და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სავაჭრო ურთიერთობა დაიძაბება.

გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ში და ევროკავშირში, ჯამში, 790 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ქვეყანას და ბლოკს შორის ვაჭრობა მეტად მნიშვნელოვანია. გასულ წელს, აშშ-დან ევროკავშირში $370.2 მილიარდის საქონლის და $1.1 ტრილიონის სერვისების ექსპორტი განხორციელდა. დაახლოებით ასეთივე მოცულობა აღირიცხა ევროკავშირიდან აშშ-ის მიმართულებით, რადგან საქონლის ექსპორტმა შარშან $605.8 მილიარდი შეადგინა, სერვისების იმპორტის მოცულობა კი $814.4 მილიარდის ტოლი იყო. საინტერესოა, რომ ავტომობილები და ავტონაწილები წამყვან პოზიციებს იკავებს, როგორც ერთი, ასევე მეორე მეორე ქვეყნის ექსპორტში.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად ტარიფზე, რომელიც პროტექციონისტული, ანუ დამცველობითი, შეიძლება ითქვას ეროვნული ეკონომიკური პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. ის ქვეყანა, რომელსაც ტარიფი უწესდება, ვალდებულია, აშშ-ის ბიუჯეტში დამატებითი გადასახადი გადახადოს, რაც მის პროდუქციას ადგილობრივ კონკურენტებთან შედარებით აძვირებს და მომხმარებელთა დიდი ფენისთვის ნაკლებად მიმზიდველს ხდის. შედეგად, იმპორტირებულ პროდუქციაზე მოთხოვნა მცირდება, ადგილობრივზე კი — იზრდება.

სულ მცირე, ასე ხდება თეორიულად, მაგრამ პრაქტიკული ეკონომიკა გვიჩვენებს, რომ ხშირად, მით უმეტეს, ღია საბაზრო ეკონომიკის პირობებში, ტარიფებს, შესაძლოა, საწინააღმდეგო შედეგი ჰქონდეს. აღნიშნული ყველაზე ნათლად ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობაზე ჩანს, რადგან ტარიფები, როგორც წესი, ცალმხრივად არ წესდება, რაც ე.წ. სავაჭრო ომს იწვევს. ამ დინამიკით კი ყველაზე მეტად ის კომპანიები ზარალდებიან, რომელთაც ჩინეთიდან გარკვეული პროდუქცია შემოაქვთ, მაგალითად სათადარიგო ნაწილები, რომლითაც ამა თუ იმ მოწყობილობას ქმნიან და მოგვიანებით, აშშ-ის ბაზარზე ყიდიან.

გამომდინარე იქიდან, რომ ტარიფი იმპორტირებულ საქონელს ხელოვნურად აძვირებს, ადგილობრივ და იმპორტირებულ საქონელს შორის თავისუფალი კონკურენციის პირობები ირღვევა, რაც, ხშირად, პროდუქტების ფასებზე საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ხოლო ინფლაცია არათუ იკლებს, არამედ იზრდება. ამასთან, ტარიფების დაწესებით, შესაძლოა, შეიზღუდოს ინოვაცია, რაც თავისუფალი ეკონომიკის ბუნებრივ ზრდას აფერხებს. გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-იც და ევროკავშირიც ტიტანები არიან, გავლენა, სატარიფო პოლიტიკა, რომელსაც ისინი აწესებენ, მთელ მსოფლიოზე აისახება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები