მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტრამპი ტარიფებით ემუქრება ქვეყნებს, რომლებიც ამერიკულ ტექ-კომპანიებს დამატებით გადასახადებს უწესებენ

ტარიფები
BM. GE
26.08.25 20:47
1038
სტატიაში საუბარია:

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ტარიფების დაწესებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ამერიკულ ტექნოლოგიურ კომპანიებს დამატებით, ე.წ. ციფრულ გადასახადებს უწესებენ. საუბარი ისეთი ტიპის გადასახადებზე, რომლებსაც Google, Meta, Amazon-ი, Apple-ი და სხვა მსგავსი გიგანტები სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი მოგების გადასახადის მიღმა იხდიან.

როგორც ცნობილია, ამერიკულ კომპანიებს არაერთი ევროპული სახელმწიფო ავალდებულებს, რომ თანხა ბიუჯეტში ადგილობრივი მომხმარებლების მიერ პლატფორმებზე განხორციელებული შესყიდვების, მომხმარებელთა მონაცემთა მონეტიზაციისა და პლატფორმებზე გაშვებული რეკლამებისთვისაც გადაიხადონ.

ტრამპმა ამერიკული კომპანიებისადმი მსგავსი მიდგომა დისკრიმინაციულად შეაფასა და ქვეყნებს “ციფრული გადასახადების” გაუქმება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამერიკა მათ ტარიფებს დაუწესებს.

დისკრიმინაციულ დამოკიდებულებაზე საუბრისას ტრამპმა კონკრეტული ქვეყნების დასახელებისგან თავი არ შეიკავა და ხელი დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს დაადო. პრეზიდენტის თქმით, დასახელებული ქვეყნები ამერიკულ ტექ-გიგანტებს “ციფრულ გადასახადებს” ახდევინებენ, მსგავს მიდგომას კი ჩინური კომპანიების მიმართ არ იჩენენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ტარიფების გარდა ზეწოლის სხვა მექანიზმების გამოყენებასაც განიხილავს. საუბარია სავიზო შეზღუდვების დაწესებაზე იმ კონკრეტული ევროპელი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც ევროკავშირის ციფრული სერვისების აქტს ლობირებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები