მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით" - ირაკლი კობახიძე კაია კალასს და მარტა კოსს პასუხობს

პრემიერი

"ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი არასწორი მიმართულებით მიდის. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის მოწოდების საპასუხოდ განუცხადა.

მათ საქართველოზე ერთობლივი განცხადებით ხელისუფლებას დეესკალაციისკენ, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლებისკენ და ოპოზიციასთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგისკენ მოუწოდეს.

"არ ვიცი რა დიალოგზეა საუბარი, როდესაც თვითონ დააწერინეს პარლამენტიდან გასვლის განცხადებები ამ ოპოზიციურ პარტიებს, ვგულისხმობ Deep State-ს და გაიყვანეს პარლამენტიდან. ამის შემდეგ რა დიალოგზეა საუბარი. თქვენ იცით, რომ დააწერინეს სამ ოპოზიციურ პარტიას განცხადებები პარლამენტის დატოვების თაობაზე, გაიყვანეს პარლამენტიდან და ახლა გვესაუბრებიან პარტიებთან დიალოგზე. არ ვიცი რა შეფასება უნდა გაკეთდეს ამასთან დაკავშირებით.რაც შეეხება NGO-ებს, ამ NGO-ებს კონკრეტული ძალები, Deep State-ი, ეს ძალები იყენებენ იმისათვის, რომ საქართველოში სცადონ ვითარების არევა. რევოლუციას რომ ვეღარ აწყობენ, ეს ყველამ კარგად დაინახა. აბსოლუტურად ყველა ხედავს ამ ყველაფერს, მაგრამ ერთადერთი მიზანი აქვთ, რომ იქნებ ცოტა ეკონომიკური ზრდა შეაფერხონ და ა.შ. რა თქმა უნდა, ამასაც ვერ დავუშვებთ. ამიტომ, როდესაც კონკრეტული ადამიანები არიან შეშფოთებული იმის გამო, რომ ჩვენ არ ვაპირებთ დავუშვათ ამ ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხება, სიძულვილის გაღვივება, ეს არის გამაოგნებელი და როცა ამას აკეთებენ ევროკავშირის ბიუროკრატიის უმაღლესი წარმომადგენლები, ეს არის კიდევ უფრო მეტად გამაოგნებელი. მე ყველას მოვუწოდებ, რომ გადახედონ საკუთარ დამოკიდებულებას, მათ შორის, პრაგმატული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ასეთი დამოკიდებულებით ევროკავშირი მიდის არასწორი მიმართულებით. ამ ყველაფრის შედეგია ის პოლიტიკური კრიზისი, რომელიც არის ევროკავშირში და ის ეკონომიკური პრობლემები, რომლებიც შექმნილია დღეს ევროკავშირში, ტენდენციები არის ძალიან უარყოფითი. ყველას მოვუწოდებ, რომ იყვნენ სამართლიანები ჩვენი ქვეყნის, საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ, შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ და უფრო მეტად იზრუნონ ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე, აქ საუბარია, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ პრობლემებზე“, - განაცხადა კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები