საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის მხოლოდ სახელი დარჩა - ასეთია ევროკომისიის შეფასება საქართველოში არსებულ ვითარებაზე. 4 ნოემბერს ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან განსხვავებით, უპრეცედენტოდ კრიტიკული იყო საქართველოს მიმართ.
ამ სტატიაში ვარკვევთ:
- რა წერია ანგარიშში;
- რის გამო აკრიტიკებს ევროპა “ქართულ ოცნებას”;
- რეალურად რა დარჩა საქართველოს დე ფაქტო შეჩერებული ევროინტეგრაციიდან;
- რა ფინანსური დახმარება დაკარგა ქვეყანამ ევროინტეგრაციის შეჩერებით;
2025 წლის ევროკავშირის გაფართოების ანგარიშში ევროკომისია უპრეცედენტოდ მწვავედ აკრიტიკებს “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის, სასამართლოს დამოუკიდებლობის შერყევის და საგარეო პოლიტიკის შეცვლილი პრიორიტეტების გამო.
საქართველოს შეჩერებულ ევროინტეგრაციაზე კიდევ უფრო პირდაპირი იყო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს.
“ქართული ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირებაზე დასმულ კითხვაზე კალასი იმეორებს, რომ სანქციებს ყველა წევრი სახელმწიფო მხარს არ უჭერს და ამიტომ ვერ იღებენ. მართალია კალასს არ დაუსახელებია ეს ქვეყნები, თუმცა ცნობილია, რომ “ოცნების” სანქციებს უნგრეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.
"ამ ეტაპზე საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არ აქვს, თუ გარემოებები მკვეთრად არ შეიცვლება. ის ახლა მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა... როგორც იცით, ჩვენ ასევე ვცდილობთ სანქციების დაწესებას მთავრობის იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც იყენებენ ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ჯერჯერობით ყველა არ არის თანახმა წევრი სახელმწიფოებიდან, მაგრამ ვაგრძელებთ მუშაობას ამ საკითხების გადაჭრის გზების პოვნაზე", - განაცხადა ბრიფინგზე კალასმა.
ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა უვიზოს შეჩერების გამარტივების მექანიზმი ახსენა სანქციების კონტექსტში, რომელიც შესაძლოა საქართველოს მიმართ გამოიყენონ. საუბარია 7 ოქტომბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ კანონზე, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ადამიანის უფლებებს არღვევენ.
"კონკრეტული ზომები რა თქმა უნდა, წევრი ქვეყნების ხელშია, თუმცა ნოემბერში ვიმედოვნებთ, რომ მივიღებთ უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალ მექანიზმს, რაც დამატებითი ნაბიჯების გადადგმის საშუალებას მოგვცემს. საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი მაქვს, რადგან საქართველოს მთავრობა მათ ეუბნება, რომ ისინი ევროკავშირში მიჰყავს. ძვირფასო საქართველოს მთავრობავ, თქვენ თქვენი ხალხი ევროკავშირში არ მიგყავთ, არამედ აშორებთ მათ. თუ სერიოზულად ფიქრობთ ევროკავშირზე, მაშინ მოუსმინეთ ხალხს და შეწყვიტეთ ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტებისა და განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების ციხეში ჩასმა", - თქვა მან.
ევროკავშირის გაფართოებაზე საქართველოს შესახებ ანგარიში გამანადგურებელია - ეს შეფასება უკვე ევროკავშირის ელჩს საქართველოში პაველ ჰერჩინსკის ეკუთვნის.
"ჩემთვის როგორც ევროკავშირის ელჩისთვის, წლევანდელი ანგარიშს წარმოდგენა მარტივი არ არის. სამწუხაროდ, ანგარიშს დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. სიმართლე ის არის, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან იმაზე ბევრად შორს არის, ვიდრე 2023 წელს იყო, როცა მას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს. ბოლო წლის განმავლობაში უკუსვლის დონე აბსოლუტურად უპრეცედენტოა", - განაცხადა ელჩმა ჟურნალისტებთან.
ერთადერთი პოზიტიური მიმართულება, რაშიც საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის ლიდერობს, ეკონომიკური ზრდაა. ანგარიშში წერია, რომ ქვეყანა სარგებელს იღებდა ტურიზმის აღდგენით, რუსეთიდან ჩამოსული მაღალკვალიფიციური მიგრანტებით და იმით, რომ უკრაინის ომის გამო, გარკვეულმა სერვისებმა და სავაჭრო მარშრუტებმა რუსეთიდან საქართველოსკენ გადაინაცვლა.
ევროინტეგრაციის შეჩერებას საქართველოსთვის ექნება ფასი, რომელსაც თითოეული მოქალაქე გადაიხდის. მოლდოვა, რომელიც პროევროპული ხელისუფლების მეშვეობით ინტეგრაციის აქტიურ ფაზაშია ევროკავშირისგან ჯამში 1.9 მლრდ ევროს მიიღებს გაწევრიანების გზაზე სხვადასხვა რეფორმისთვის. შეეძლო თუ არა იგივე სარგებელი მიეღო საქართველოს, ეს ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS) მეცნიერ-თანამშრომელ თინათინ ახვლედიანს ვკითხეთ.
"ევროინტეგრაციის პროცესში ევროკავშირი საკუთარ კანდიდატ ქვეყნებს ყოველთვის ეხმარება. ეს დახმარება არის ძალიან მრავალმხრივი, პოლიტიკური, ტექნიკური და ფინანსური. მოლდოვას, რომ შევადაროთ, მაგალითად, მოლდოვასთვის არის გამოყოფილი 2 მილიარდამდე დახმარება. მაშინ, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია დღესდღეობით გაჩერებულია და ევროსაბჭომ ეს გააჩერა ოფიციალურად, მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ მას არ სურდა ქვეყანას დაეწყო მოლაპარაკებები 2028 წლამდე, ის თანხა, რომელიც აქამდე იყო გამოყოფილი, არა როგორც კანდიდატი ქვეყნისთვის, არამედ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში 121 მილიონი ევრო გაჩერებულია. ანუ 121 მილიონი უკვე დაკარგა ქვეყანამ და ამას გარდა ის თანხაც, რომლებსაც ევროკავშირი გამოყოფდა უკვე კანდიდატი ქვეყნებისთვის, ეს უკვე აღარც განიხილება. საქართველომ დაახლოებით 1-2 მილიარდამდე თანხა დაკარგა, იმიტომ, რომ ის დღეს რეფორმების გზას არ მიყვება და მისი ასე ვთქვათ ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია", - ამბობს ახვლედიანი.
ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე ამბობს, რომ გარკვეულ სფეროებში, მათ შორის სოფლის მეურნეობაში უცხოური დახმარების შეწყვეტა უკვე საგრძნობია.
"სამოქალაქო სექტორი ამას უკვე გრძნობს, ამას გრძნობს სოფლის მეურნეობის პროგრამები, სადაც უკვე პროცესი დაწყებულია, ასევე შესაძლოა მალე იგრძნოს ჯანდაცვის მიმართულებამ, ინფრასტრუქტურამ, რადგან ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი ჩვენთან ვითარდებოდა ევროპის საინვესტიციო ბანკის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მეშვეობით", - ამბობს ის.
გაფართოების ანგარიშს ტრადიციული რიტორიკით უპასუხეს თბილისში. ჩინეთში ვიზიტად მყოფი “ქართული ოცნების” პრემიერი ირწმუნება, რომ “ევროპული ბიუროკრატიის” მხრიდან ასეთი ანგარიშები საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის მიმართ ნდობას ამცირებს. კობახიძემ იმეორებს, რომ საქართველოს 2030 წლისთვის წევრობა კვლავ სურს, თუმცა ევროკავშირში სხვადასხვა დონეზე არაერთხელ განაცხადეს, რომ „უპრეცედენტო უკუსვლის და “ქართული ოცნების” არსებული პოლიტიკის პირობებში ეს შეუძლებელია.




























