მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი მოწყვლადი ჯგუფების მხარდამჭერ სამ პროექტს იწყებს

5ed74dd490124
BM.GE
03.06.20 22:20
970
სამი ახალი პროექტი, რომლებსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები, მიმართულია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებაზე, საქართველოს მასშტაბით, - ამის შესახებ საქათველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

ევროკავშირის მხარდაჭერით, საქართველოში იწყება სამი ახალი პროექტი, რომელიც დახმარებას გაუწევს მოწყვლად ჯგუფებს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში შექმნილი პრობლემების დაძლევაში. პროექტები, რომლებსაც განახორციელებენ ევროკავშირის პარტნიორი ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები „ქალთა საინფორმაციო ცენტრი“, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, დაეხმარება ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, იძულებით გადაადგილებულ პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საქართველოს მასშტაბით.

”ევროკავშირი, კრიზისის დაწყების დღიდან მხარში უდგას საქართველოს და ასე გააგრძელებს. განსაკუთრებით მოწყვლადი ადამიანების კეთილდღეობა, თავიდანვე იყო ევროკავშირის ზრუნვის საგანი, ხოლო მათი მხარდაჭერა ევროკავშირის მიერ Covid-19-ის კრიზისით გამოწვეული პრობლემის დასაძლევად საქართველოსთვის გაწეული დახმარების ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენდა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე დროში მოვახდინეთ საჭირო რესურსების მობილიზება და დღეს, მე დიდი სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ იწყება სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელთა მიზანია იძულებით გადაადგილებული პირთა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარება. პროექტებს შესაბამის სფეროში გამოცდილების მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების განახორციელებენ. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მათთან თანამშრომლობის დაწყებას “, - განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

მათივე განმარტებით, პროექტების შერჩევა მოხდა Covid-19-ით გამოწვეულ კრიზისზე სწრაფი რეაგირების ევროკავშირის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს Covid-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის უზრუნველყოფილი დახმარების პირველი პაკეტის შემადგენელ ნაწილს და ასახავს Covid-19-ის კონტექსტში საქართველოში გენდერულ თანასწორობასა და მოწყვლადი ჯგუფების დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებაში დასმულ აქცენტებს.

ინფორმაცია პროექტების შესახებ:

“ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” - "ქალთა საინფორმაციო ცენტრი".

მასობრივი იზოლაცია და კომენდანტის საათი, რასაც ადგილი ჰქონდა COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში, ზოგადად ოჯახში ძალადობის რისკებს ზრდის. საქართველოში ბევრმა ქალმა არ იცის, როგორ უნდა მიიღოს დახმარება ოჯახში ძალადობის შემთხვევაში. პროექტი ქალებს გაუწევს იურიდიულ და ფსიქოლოგიურ დახმარებას ინტერნეტისა და ტელეფონის საშუალებით, მიაწვდის მათ ინფორმაციას იმ სერვისების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის და იმუშავებს ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან რეაგირების გეგმების მომზადებაზე. პროექტის საქმიანობა მოიცავს შიდა ქართლისა და სამეგრელოს რეგიონებს, მათ შორის იძულებით გადაადგილებულ პირებსა და კონფლიქტების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას.

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა Covid-19-ის კრიზისის დროს“ - კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" 

Covid-19-თან დაკავშირებული პრევენციული ზომების მიღების შედეგად შეიზღუდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სახელმწიფო სერვისების მიწოდება, აგრეთვე გართულდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი მზრუნველების/ოჯახის წევრების გადაადგილება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბევრ პირს ესაჭიროება მხარდაჭერა საკვების, წამლების, სხვა პირველადი საჭიროების პროდუქტებსა და/ან სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობისთვის. ასევე მწირია ამ ადამიანებისათვის საჭირო კონკრეტული ინფორმაცია Covid-19-თან დაკავშირებით. პროექტი უზრუნველყოფს შშმ პირთა მხარდაჭერას აჭარაში, გურიაში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და შიდა ქართლში მობილური ჯგუფების მიერ სხვადასხვა სერვისების მიწოდებით და ქვეყნის მასშტაბით გაავრცელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საჭირო ინფორმაციას.

“იძულებით გადაადგილებული პირებისა და კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის მედეგობისა და უსაფრთხოების გაზრდა“ - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“

იძულებით გადაადგილებული პირები ხშირ შემთხვევაში ეკონომიკურად მოწყვლადები არიან. ჩვეულებრივ, მაღაზიები და აფთიაქები მათი კომპაქტურად დასახლების ადგილებიდან შორ მანძილზე მდებარეობს. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა და საკარანტინო ზომები მათზე ძლიერ უარყოფით ზემოქმედებას ახდენს. პროექტი იმუშავებს სამეგრელოში, იმერეთში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და რაჭა-ლეჩხუმში არსებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებებში და უზრუნველყოფს მათ ჰუმანიტარული დახმარებით, ტრენინგებით, ფსიქოლოგიური და სამედიცინო დახმარებით, რაც ხელს შეუწყობს მათი მდგომარეობის გამოსწორებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები