„ევროკავშირი ძალიან რთული გადაწყვეტილების წინაშეა – მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“ – ამის შესახებ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა დევიდ კრამერმა „ანალიტიკა“–ს განუცხადა.
008–2009 წლებში დევიდ კრამერი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში. 2010-2014 წლებში ის Freedom House-ის პრეზიდენტი იყო.
დევიდ კრამერი „ანალიტიკა“–მ თბილისის ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩაწერა, რომლის მასპინძლებიც უკვე ტრადიციულად არიან „მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის“, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“.
დევიდ კრამერის თქმით, აშკარაა, რომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღება სურს საქართველოს ხალხს ეს ნამდვილად სურს; სურს საქართველოს სამოქალაქო სექტორსაც, თუმცა საქართველოს მთავრობა, მისი შეფასებით, დიდ ინტერესს ამ თვალსაზრისით არ გამოხატავს.
„თითქმის, პირიქით – ამბობს დევიდ კრამერი „ანალიტიკა“–სთან – [ქართული ოცნება] ცდილობს, როგორმე საფრთხის ქვეშ დააყენოს საქართველოს მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება. ამ სტატუსის მიღებას არანაირად არ ეხმარება პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება – პრეზიდენტის, რომელიც ევროპაში მოგზაურობს იმისთვის, რომ სწორედ სტატუსის მოპოვებას შეუწყოს ხელი“.
დევიდ კრამერის შეფასებით, ევროკავშირი არ დგას მარტივი გადაწყვეტილების წინაშე. „ევროკავშირს აუცილებლად მოუნდება, რომ ერთი მხრივ, დააკმაყოფილოს სურვილი, რომელიც აქვს ხალხს, მაგრამ არ ჩანს, რომ აქვს მთავრობასაც. მეორე მხრივ, თუ ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე უარს იტყვის, დარწმუნებული ვარ, მთავრობა, ქართული ოცნების წარმომადგენლები ამაში ევროკავშირს დაადანაშაულებენ – რომ მათ მიატოვეს საქართველო, რაც ძალიან დაემგვანება რუსულ პროპაგანდას. ვფიქრობ, შექმნილი სიტუაცია ევროკავშირისთვის გამოწვევებით არის სავსე“ – ამბობს დევიდ კრამერი.
წელს თბილისის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა შემდეგი სახელწოდებით – პუტინიზმის დამარცხება. მასში ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები და დიპლომატები მონაწილეობდნენ. ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემები იყო ომი უკრაინაში, ნატო-სა და ევროკავშირის მომავალი და პუტინიზმის საწინააღმდეგო პოლიტიკის შემუშავება. წელსაც, შარშანდელის მსგავსად, მოწვევის მიუხედავად, კონფერენციას ქართული ოცნების და მთავრობის წარმომადგენლები არ დასწრებიან.