ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტზე მუშაობს. ოფიციალური ბრიუსელის ინფორმაციით, ეკონომიკური შეზღუდვების ახალი ტალღა კრემლის ომის მანქანას კიდევ უფრო შეასუსტებს.
როგორც ირკვევა, დოკუმენტი მზად სექტემბრის შუა რიცხვებში იქნება და 27-ვე წევრი ქვეყნის მხარდაჭერის შემთხვევაში თვის ბოლომდე ამოქმედდება.
ამჯერად, ევროკავშირი მიზანში ათობით რუსულ ბანკს და ცენტრალური აზიის რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტს ამოიღებს. ამასთან, სანქციები კრიპტო პლატფორმებსა და იმ საგადასახადო სისტემებს, შეეხება, რომელთა გამოყენებითაც პუტინის გარემოცვა ფინანსურ სარგებელს იღებს.
სანქციების მე-19 პაკეტში ასევე შევა იმ ეკონომიკური ხვრელების ამოვსება, რომლებსაც რუსეთი დამატებითი შემოსავლის მისაღებად დღემდე აქტიურად იყენებს. როგორც ცნობილია, აქამდე ევროპულ სადაზღვევო კომპანიებს ჰქონდათ უფლება, რუსული Rosneft-ის მიერ წარმოებული ნავთობის გადაზიდვები დაეზღვიათ. ამასთან, ახალი შეზღუდვების ფარგლებში, ევროკავშირში დამზადებული ტექნოლოგიური პროდუქტების შესყიდვის მსურველ ყველა უცხოურ კომპანიას მოუწევს წარადგინოს, კონკრეტულად სად აღმოჩნდება გაყიდული პროდუქცია. როგორც ცნობილია, აქამდე ევროპულ ტექნოლოგიურ პროდუქტებს არაერთი მესამე ქვეყანა ყიდულობდა და შემდეგ პირდაპირ რუსეთის ბაზარზე ყიდდა, ეს კი რუსეთის არმიას სამხედრო წარმოებისთვის აუცილებელი ტექნოლოგიური კომპონენტების მიღების საშუალებას აძლევდა.




























