მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ევროკავშირი რუსული გაზზე უარს თქმას 2027 წლიდან გეგმავს

რუსული გაზი

ევროკომისია 2025 წლის ივნისში წევრ სახელმწიფოებს წარუდგენს წინადადებებს, რომელთა მიხედვითაც რუსული გაზის იმპორტი ეტაპობრივად აიკრძალება. პროცესი 2027 წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ინფორმაცია სააგენტო Bloomberg-მა, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.

აკრძალვა შეეხება როგორც ახალ ხელშეკრულებებს რუსეთთან, ისე არსებულ ერთჯერად შეთანხმებებს. ევროკომისიის შესაბამისი „გზის რუკა“ ოფიციალურად 6 მაისს უნდა გამოქვეყნდეს.

Financial Times-ის ცნობით, ევროკომისია ამჟამად იურიდიულ გზებს ეძებს, რომლებიც ევროპულ კომპანიებს საშუალებას მისცემს, რუსეთთან არსებული ხანგრძლივი კონტრაქტები ჯარიმების გადახდის გარეშე დაარღვიონ. საუბარია კონტრაქტებზე, რომლებიც მოქმედებს პრინციპით „აიღე ან გადაიხადე“ (take or pay), რაც კომპანიებს დათქმული მოცულობის შეძენას საჭიროების მიუხედავად აიძულებს.

ამ მიზნისთვის, ევროკომისია ფორსმაჟორის მექანიზმის გამოყენებას განიხილავს, რაც კომპანიებს შესაძლებლობას მისცემს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილებით გამოუცხადონ კონტრაქტიდან გასვლა.

Bloomberg-ის თანახმად:ერთჯერად კონტრაქტებზე გავრცელებული აკრძალვა ძალაში არაუგვიანეს 2025 წლის ბოლოს შევა; ხანგრძლივი კონტრაქტებით რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა კი ძალაში შევა 2027 წლის ბოლომდე. წყაროები მიუთითებენ, რომ ამ გეგმის წარმატება დამოკიდებულია ალტერნატიული მიწოდების უზრუნველყოფაზე აშშ-დან, კატარიდან, კანადიდან და აფრიკიდან.
მიუხედავად ამისა, ევროკომისიის წარმომადგენლები ოპტიმიზმს არ კარგავენ — მათი შეფასებით, რუსულ გაზზე უარის თქმა ფასებსა და ენერგოუსაფრთხოებაზე მხოლოდ შეზღუდულ გავლენას მოახდენს.


ცნობისთვის, 2024 წლის მონაცემებით, რუსეთის წილი ევროკავშირის გაზის იმპორტში 19%-მდე შემცირდა, მაშინ როცა ომამდე ეს მაჩვენებელი 40%-ზე მეტი იყო. თუმცა, მილსადენებით მიწოდების შემცირების ფონზე, რუსული თხევადი გაზის (LNG) იმპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები